რუსული კანონი

დემოკრატიის ფესტივალზე თავდასხმა პირდაპირ ემთხვევა რუსული კანონის სულისკვეთებას – EECMD

EECMD

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატისთვის (EECMD) განცხადებას აქვეყნებს, სადაც ქართული ოცნების მიერ დემოკრატიის ფესტივალის წინააღმდეგ წამოწყებულ ნეგატიურ კამპანიას ეხმაურება და წერს, რომ ოცნების წარმომადგენლების მხრიდან "დემოკრატიის ფესტივალზე თავდასხმები პირდაპირ ემთხვევა რუსული კანონის სულისკვეთებას".

EECMD-ის ცნობით, ფესტივალზე მიწვეული იყო ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის ქართული ოცნებაც.

"აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატისთვის (EECMD) ეხმაურება მმართველი პარტიის მიერ დემოკრატიის ფესტივალის წინააღმდეგ წამოწყებულ ნეგატიურ კამპანიას. ხსენებული კამპანიის შინაარსი მცდარია, ხოლო საჯარო შეხვედრაზე და დემოკრატიის ფესტივალზე თავდასხმები პირდაპირ ემთხვევა რუსული კანონის სულისკვეთებას.

დემოკრატიის ფესტივალი შთაგონებულია დანიის "სახალხო ფესტივალით" (Folkemødet) და მას მხარს უჭერს "დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი" (DIPD). DemFest არის საჯარო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობენ სექტორის ფართო სპექტრიდან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, აქტივისტური ჯგუფები, ცენტრალური საარჩევნო კომისია (CEC), კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მცირე და საშუალო მეწარმეები და მოქალაქეები. დემოკრატიის ფესტივალი უზრუნველყოფს სივრცეს, სადაც ყველა მონაწილესა და სტუმარს თავისუფლად შეეძლება საკუთარი შეხედულებებისა და მოსაზრებების გაზიარება. ფესტივალი მოქალაქეებს სთავაზობს არაფორმალურ გარემოში იურთიერთონ საჯარო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მიიღონ ღირებული ინფორმაცია, გაეცნონ მათ უფლებებს, გამოცადონ საარჩევნო ხმის მიცემის მანქანები, მონაწილეობა მიიღონ გამოფენებსა და გაყიდვებში, ან ისიამოვნონ მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენით.

EECMD ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფესტივალზე ორგანიზატორების მიერ მოწვეული იყო ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია ქართული ოცნება. პარტიის ლიდერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს 21 დღით ადრე 2024 წლის 6 ივლისს მოწვევა გაეგზავნა.

ასევე აღსანიშნავია, რომ დაგეგმვის პროცესში EECMD-მ ფორმალურად მოითხოვა ნებართვა შესაბამისი უწყებებისგან, ღონისძიების მუნიციპალიტეტებში ჩატარებაზე. თუმცა, თელავსა და ქუთაისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა, ეს ვერ მოახერხა გადაწყვეტილების გამოსაცემად კანონით განსაზღვრული დროის ვადაში 10 სამუშაო დღე. ბათუმის საქმეზე ორგანიზაციამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან უარი მიიღო.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, წალენჯიხასა და თელავში წარმატებული ფესტივალების შემდეგ, DemFest ზრდის მხარდაჭერასა და ინტერესს მოქალაქეების, სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც აფასებენ დემოკრატიას. დარწმუნებული ვართ, რომ დემოკრატიის ფესტივალი რომელიც ევროპის ქვეყნებში ათწლეულების განმავლობაში ტარდება, მალე საქართველოს კულტურულ კალენდარზე ფიქსირდება და თავს დემოკრატიის ზეიმად დაიმკვიდრებს". - წერია განცხადებაში.

საქართველოში გამართულ დემოკრატიის ფესტივალს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ "ავტორიტარიზმის ფესტივალი" უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ფესტივალს საქართველოში "პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები".

კომენტარები