ფილიპინების მთავრობა ბოლო კვირების მანძილზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან მომხდარ არაერთ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ჩინეთის ქმედებებს "აგრესიულს, არაპროფესიონალურსა და არალეგალურს" უწოდებს.
ფილიპინების ეროვნული საზღვაო საბჭოს ინფორმაციით, ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავმა საფრთხის შემცველი მანევრირება გააკეთა ფილიპინური თვითმფრინავის მიმართ, რომელიც სკარბოროს წყალმარჩხისა და სუბის რიფის გარშემო პატრულირებდა.
ამასთან ერთად, 25 აგვისტოს ჩინეთის გემმა ფილიპინების სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სათევზაო გემს წყალი შეასხა და დაუბლოკა გზა ერთ-ერთი წყალმარჩხის მიმართულებით.
"ჩვენ მზად უნდა გვქონდეს მოლოდინი და შევეგუოთ ჩინეთისგან ასეთ ქმედებებს, რაც აშკარად უკანონოა" – ამბობს ფილიპინების თავდაცვის მინისტრი.
მიუხედავად მკაცრი რიტორიკისა, საზღვაო საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფილიპინები კვლავ შეეცდება მიმართოს დიპლომატიას არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და მოუწოდა ჩინეთს, დაუბრუნეს კოსნტრუქციული დიალოგის გზას სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ჩინეთი მისი ცნობილი "10-პუნქტიანი ხაზით" თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვას საკუთარ ისტორიულ ტერიტორიად აცხადებს.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულების კონტროლი სტრატეგიული მნიშვნელობისაა რეგიონის სახელმწიფოებისთვის, ვინაიდან საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს საკუთარი ტერიტორიიდან 200 საზღვაო მილის გარშემო შეუძლიათ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნა, სადაც წიაღისეულის მოპოვება და თევზაობა მხოლოდ მათ შეეძლებათ.
ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ბოლო პერიოდში ხელახლა გამწვავდა.