რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

AP: აშშ უკრაინას დამატებით $125 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

HIMARS-ის სისტემა ლატვიაში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებზე, 2022 წლის სექტემბერი
Gints Ivuskans/AFP/Getty Images

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა 22 აგვისტოს განაცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას $125 მილიონის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აღნიშნული დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, HIMARS-ისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას, ჯაველინებს, ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე დრონებისა და ელექტრონული ომის საწინააღმდეგო სისტემებსა და აღჭურვილობას, 155-მმ და 105-მმ-იან საარტილერიო ჭურვებსა და სხვა საბრძოლო მასალებს მოიცავს.

მაღალჩინოსნებმა გამოცემა Associated Press-თან ანონიმურობის დაცვის პრინციპით ისაუბრეს, რადგან დახმარების პაკეტი ჯერჯერობით საჯაროდ გამოცხადებული არ არის.

უკრაინამ 6 აგვისტოდან კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში 1 250 კვადრატულ კილომეტრსა და 92 დასახლებას აკონტროლებენ.

კომენტარები