სპეციალური საგამოძიებო სამსახური

ყოფილი ცოლის მიმართ მუქარის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მუქარის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული ყოფილ ცოლს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე, თავისი ცოლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, სამსახურისთვის თავის დანებებას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებული კონფლიქტის საფუძველზე, დაზარალებული ბრალდებულთან განქორწინდა. ამის მიუხედავად, 2024 წლის 24 ივლისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, საავტომობილო გზაზე, სამართალდამცველი მანქანით ყოფილ ცოლს დაედევნა და შეჩერება მოსთხოვა, რის შემდეგაც მანქანაში მყოფ დაზარალებულთან მივიდა და პირსინგის ახევითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რის შემდეგაც ქალს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, გამოიკითხა დაზარალებული, დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოვიპოვეთ დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველი დავაკავეთ". - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები