2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

Reuters: კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან დღემდე $500 მილიონი შეაგროვა

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაახლოებით $500 მილიონი შეაგროვა.

საკითხთან დაკავშირებულმა ოთხმა წყარომ Reuters-სთან განაცხადა, რომ აღნიშნულ მაჩვენებელს ჰარისმა 21 ივლისს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ოთხ კვირაში მიაღწია.

ჰარისი საპრეზიდენტო რბოლაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებს გამოეთიშა, რასაც ამომრჩევლების მხრიდან კამალა ჰარისის კანდიდატურის მხარდასაჭერად მის კამპანიაში სწრაფი ფულის შედინება მოჰყვა. მან კანდიდატურის გამოცხადებიდან პირველ კვირაში $200 მილიონი შეაგროვა.

კომენტარები