რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მზად არის, Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი, ილონ მასკი ადმინისტრაციის თანამდებობაზე ან მრჩევლის პოზიციაზე დანიშნოს.
„ძალიან ჭკვიანი კაცია. ნამდვილად ვიზამდი, თუ თავად იზამდა, ნამდვილად გავაკეთებდი. ბრწყინვალე კაცია“. - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ არჩევნებში მოგების შემთხვევაში ელექტრომობილების შეძენისას გათვალისწინებული $7 500-იანი საგადასახადო შეღავათი შეიძლება გააუქმოს.
„საგადასახადო შეღავათები და საგადასახადო სტიმულები ზოგადად არ არის ძალიან კარგი რაღაც. [...] არანაირი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, ელექტრონული მანქანების დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ ბენზინით მოძრავი მანქანების ფანიც ვარ და ასევე ჰიბრიდების და სხვა ყველაფრის, რაც გამოჩნდება“. - თქვა ტრამპმა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
პრეზიდენტობის კანდიდატმა დაამატა, რომ ელექტრული ავტომობილებისთვის „გაცილებით უფრო მცირე ბაზარი“ წარმოუდგენია და მოგების შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაციის წესებს გააუქმებდა, რომლებიც ავტომობილების მწარმოებლებს უბიძგებს, გამონაბოლქვის უფრო მკაცრი რეგულაციების დასაკმაყოფილებლად მეტი ელექტრომობილები დაამზადონ.
13 ივლისს მასკმა ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„პრეზიდენტ ტრამპს მხარს სრულად ვუჭერ და ვიმეოვნებ, რომ მალე გამოკეთდება“. - დაწერა მასკმა X-ზე.





