სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთმანეთს ფილიპინებისა და ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები დაეჯახნენ. მომხდარში ორივე სახელმწიფო მეორე მხარეს ადანაშაულებს.
ჩინეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, ფილიპინურმა გემმა იგნორირება გაუკეთა ჩინელების არაერთ გაფრთხილებას და მათ "გამიზნულად დაეჯახა".
ფილიპინების ოფიციალური განცხადების მიხედვით ჩინეთი "ფაქტებს თავის სასარგებლოდ იგონებს". განცხადებაში ნახსენებია, რომ ჩინეთის გემები ზღვაში ერთ-ერთ წყალმარჩხთან "აგრესიულად და უკანონოდ მანევრირებდნენ", რაც გახდა შეჯახების მიზეზი.
პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ჩინეთი გააგრძელებს მტკიცე და ძლიერი ზომების მიღებას საკუთარი ტერიტორიული და საზღვაო უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
ჩინეთი მისი ცნობილი "10-პუნქტიანი ხაზით" თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვას საკუთარ ისტორიულ ტერიტორიად აცხადებს.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულების კონტროლი სტრატეგიული მნიშვნელობისაა რეგიონის სახელმწიფოებისთვის, ვინაიდან საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს საკუთარი ტერიტორიიდან 200 საზღვაო მილის გარშემო შეუძლიათ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნა, სადაც წიაღისეულის მოპოვება და თევზაობა მხოლოდ მათ შეეძლებათ.
ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ბოლო პერიოდში ხელახლა გამწვავდა.