ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ისრაელში ჩავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კირიას სამხედრო შტაბ-ბინაში მიმდინარე შეხვედრისას, 2023 წლის 3 ნოემბერი
Amos Ben Gershom/GPO

18 აგვისტოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დასაჩქარებლად ისრაელში ჩავიდა.

გასული წლის ოქტომბერში დაწყებული ომის შემდეგ ბლინკენი რეგიონში უკვე მეცხრედ ჩადის.

როგორც BBC წერს, შეერთებულ შტატები და ისრაელი გასულ კვირას დოჰაში განახლებული მოლაპარაკებების ფონზე შეთანხმებას შედარებით ოპტიმისტურად უყურებენ, ჰამასის თქმით, პროგრესის შესახებ ნებისმიერი შეთავაზება „ილუზიაა“. შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰამასის მხრიდან ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულად გაყვანის მოთხოვნაა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ "ჩვენ შეთანხმებასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ".

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე თქვა, რომ მძევლების დაბრუნების უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს კომპლექსური მოლაპარაკებები, მაგრამ ისრაელის უსაფრთხოებისთვის საჭიროა გარკვეული პრინციპების დაცვა.

"არსებობს რაღაცები, რაშიც შეგვიძლია ვიყოთ მოქნილი, და არის საკითხები, სადაც ვერ ვიქნებით მოქნილი და ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ მათ მოგვარებას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ განვასხვაოთ ეს ორი". - თქვა მან.

კომენტარები