არჩევნები 2024

ჩერგოლეიშვილი: 15 აგვისტოს ვაკეთებთ პარტიაზე განაცხადს, ხვალიდან უკვე სახელი გვერქმევა

თამარ ჩერგოლეიშვილი
ტაბულა

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ევროპული საქართველოდან წამოსული მისი გუნდი ახალ პარტიაზე განაცხადს ხვალ, 15 აგვისტოს გააკეთებს.

"ხვალიდან უკვე სახელი გვერქმევა. ყრილობას ჩავატარებთ სექტემბერში, რომ ჩვენს 900-ივე დელეგატს დაფუძნებაში როლი ჰქონდეს.

ცენტრალური ორგანიზაცია მალევე გაიმართება. რეგიონებში პროექტებად ვიმუშავებთ (დეცენტრალიზებულად) და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენი პარტია რეგიონებშიც ბენტლივით იქნება" - წერს ჩერგოლეიშვილი.

1 აგვისტოს, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად, ევროპული საქართველო დატოვეს. გიგა ბოკერიას განმარტებით, პარტიის გენერალური მდივნისთვის, აკაკი ბობოხიძისთვის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისთვის, გიგი წერეთლისთვის და პარტიის პოლიტსაბჭოში მათი მხარდამჭერებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით. კერძოდ, გიგა ბოკერიამ სია N2-ს დაუჭირა მხარი, რომლის პირველი ნომერი თამარ ჩერგოლეიშვილი იყო. გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა, მათ შორის, გიგი წერეთელმა და აკაკი ბობოხიძემ არჩეული კურსიდან გადახვევა გადაწყვიტეს და "სწორედ ამიტომ, ჩვენი გზები აქ იყოფა". 

ორი დღით ადრე, 30 ივლისს ევროპული საქართველოს პრაიმერიზის შედეგების მიხედვით შეჯერებული 37-წევრიანი საპარლამენტო სია გამოქვეყნდა. ახლა დაზუსტებით ცნობილია, რომ ამ 37 ადამიანიდან სია და შესაბამისად პარტია 24-მა დატოვა.

ევროპული საქართველოდან წამოსულები ახალ პარტიას დააფუძნებენ. თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, "აუცილებლად გაგრძელდება ის საქმე, რაც ასე მოგწონდათ".

"[ნახავთ, რომ] საქმე ნომერში არ ყოფილა და საქმე იდეებში, შინაარსსა და ტექნოლოგიებშია" - აღნიშნა მან.

კომენტარები