საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ეროვნული მუზეუმი: გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე მწერები აღმოჩდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ფოტო: Georgia Travel

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცნობით, დროებითი ექსპოზიციისას გარედან შეტანილ რამდენიმე ექსპონატზე მწერები აღმოჩნდა, რის გამოც ნამუშევრები სივრციდან მოიხსნა და როგორც მუზეუმი წერს, სანიტარული წმენდა ჩატარდა.

განცხადებაში წერია, რომ მუზეუმი ეხმაურება "რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ზედაპირულ ცნობებს". ინფორმაცია, რომ ტილოებზე "მავნე მწერები" აღმოაჩინეს, თავდაპირველად - 13 აგვისტოს ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა.

"საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები - საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა.

აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება." - წერს ეროვნული მუზეუმი.

მათივე ინფორმაციით, ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს 16 აგვისტოდან ჩვეული განრიგით უმასპინძლებს.

კომენტარები