საქართველოს ეროვნული მუზეუმი

დავით ლორთქიფანიძე ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე კიდევ 4 წელი დარჩება

დავით ლორთქიფანიძე ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პოსტზე 4 წლით დარჩება. გადაწყვეტილებას კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე აწერს ხელს.

ლორთქიფანიძე ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელის პოსტს მისი შექმნიდან (2004 წელი) ამ დრომდე იკავებს. 

2022 წელს ეროვნულ მუზეუმში გატარებული რეორგანიზაციის შედეგად, მმართველი რგოლი კულტურის მინისტრის ნდობით აღჭურვილი კადრებით დაკომპლექტდა. დირექტორის ახალმა მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა ლორთქიფანიძე საჯაროდ ფონდებიდან ნივთების გაქრობაში დაადანაშაულა. ლორთქიფანიძის თქმით მისი მმართველობის პერიოდში მუზეუმიდან არც ერთი ნივთი არ დაკარგულა.

მუზეუმში მომხდარი რეორგანიზაციის შედეგად სამსახური დაკარგა ათობით თანამშრომელმა. მათმა ნაწილმა კულტურის სამინისტროს და ეროვნულ მუზეუმს სასამართლოში უჩივლა.


წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან: რა და რატომ ხდება ხელოვნების მუზეუმის თავს

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაერთი დაწესებულების ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში პირველი დავა ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ მოიგო. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, გუგა გოგაძის სარჩელი. ორივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. ამასთან, 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ყოფილი თანამშრომლის, ირმა მანაგაძის გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და კულტურის სამინისტროს მისთვის კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

მიმდინარე წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ჩამოქვეითება უკანონოდ ცნო.

სულ კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა 11-მა თანამშრომელმა მოუგო.

კომენტარები