ისრაელის თავდაცვის ძალებმა 11 აგვისტოს გამოსცა დირექტივა, რომლის მიხედვითაც ყველა ის ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანში იმყოფება, ისრაელში დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს. ინფორმაციას გამოცემა Times Of Israel ისრაელურ ტელეკომპანია Kan News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, ისრაელმა გადაწყვეტილება იმ ვარაუდის ფონზე მიიღო, რომლის მიხედვითაც ირანმა სამიზნეებზე (ამ შემთხვევაში, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებზე) იერიში, შესაძლოა, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც მიიტანოს.
დირექტივა შეეხებათ ისრაელის თავდაცვის ძალების როგორც წვევამდელ, ისე საკონტრაქტო კადრის სამხედრო მოსამსახურეებს. ისრაელელი სამხედროები აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე, შესაძლოა, მოკლევადიანი ან ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ტერიტორიულად, ირანი საქართველოსთან ახლოს მდებარეობს, აზერბაიჯანი კი პირდაპირ ესაზღვრება მას.
ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას აფეთქების შემდეგ ისრაელი ირანის თავდასხმის მოლოდინშია. თეირანში პირობას დებდნენ, რომ ისრაელს "დასჯიდნენ" და პასუხს აუცილებლად გასცემდნენ. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული დაჯგუფებები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედებენ.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა. მცირე ხნით ადრე ლიბანში, ბეირუთში ისრაელის იერიშის შედეგად მოკვდა ჰეზბოლას სამხედრო მაღალჩინოსანი, ფუად შუქრი.
ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.





