უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკის თქმით, 10-11 აგვისტოს უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 57 დრონიდან 53 გაანადგურეს. ამის შესახებ ოლეშჩუკი ტელეგრამ-არხზე წერს.
რუსებმა აღნიშნული დრონები პრიმორსკო-ახტრასკის, იეისკის და კურსკის ქალაქებიდან მიკოლაევის, ოდესის, ჩერკასის, ვინიციის, კიროვოჰრადის, ხერსონის, კიევის, ზაპოროჟიეს, სუმისა და რივნეს ოლქების მიმართულებით გაუშვეს.
ოლეშჩუკმა დაადასტურა რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ კორეული რაკეტების გამოყენებაც. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეული KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტები, "მიუხედავად იმისა, რომ ისინი იშვიათად აღწევენ სამიზნეებს, მაინც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ მოსახლეობისთვის".
ცნობისთვის, 11 აგვისტოს, გვიან ღამით რუსეთის მიერ კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 35 წლის მამაკაცი და მისი 4 წლის შვილი. დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის, 13 წლის მოზარდი.
აფეთქებები იყო კურსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ კურსკშიც, რომელზეც იერიში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს. როგორც გამოცემა Ukrainska Pravda წერს, უკრაინელების მიერ ნასროლი რაკეტა, რომელიც რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა და დააზიანა, გაჩნდა ხანძარიც. დაშავებულია 13 ადამიანი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. 6 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში მდებარე კურსკის ოლქის საზღვარი გაარღვიეს. 7 აგვისტოს დილით გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში მდებარე ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურ Суджа-ზე.
როგორც ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე Z ბლოგერები წერენ, 8 აგვისტოს მონაცემებით უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქში მდებარე კორენოვოს დასახლებამდეც მიაღწიეს.
პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის დაკავებას "პროვოკაცია" უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა და კრემლის პროპაგანდისტმა, მარია ზახაროვამ კი საერთაშორისო თანამეგობრობას "კიევის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების მტკიცედ დაგმობისკენ მოუწოდა".
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.