რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ცნობების მიხედვით, უკრაინელებმა კურსკის ოლქის საზღვარი გაარღვიეს

კადრი ვიდეოდან, რომელიც რუსულ Z-არხებზე გავრცელდა. როგორც ირწმუნებიან, ჩანს უკრაინული ტექნიკა სუმის ოლქში, რომელიც რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით გადაადგილდება

6 აგვისტოს დილიდან რუსულ ომის მხარდამჭერ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ცნობები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის საზღვრის გარღვევის შესახებ. 

როგორც ჩანს ამჯერად საუბარი არაა მხოლოდ უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსულ მოხალისეთა კორპუსსა და ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაზე, არამედ მოქმედებებში, სავარაუდოდ, უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებია ჩართული. ცნობების მიხედვით, იერიშში ჯავშანტრანსპორტიორების გარდა მონაწილეობს ტანკებიც.

პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა.

Z-ბლოგერები ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს სამხედრო ტექნიკა სამკუთხედის ნიშნით. მათი მტკიცებით, ეს ტექნიკა კურსკის მოსაზღვრე სუმის ოლქში შენიშნეს, სამკუთხედი კი ამ მიმართულებით მოქმედი უკრაინელი სამხედროების ახალი ტაქტიკური სიმბოლოა.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა თავდაპირველად ოფიციალურად გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგიონის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. მცირე ხნის შემდეგ სმირნოვი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა უკრაინელი სამხედროების მიერ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს.

თუმცა Z-ბლოგერების ინფორმაციით ვითარება უფრო რთულადაა. ცნობების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სუჯის რაიონში მდებარე დასახლებული პუნქტი გონჩაროვკისკენ მიემართებოდნენ. წერდნენ კურსკის ოლქის კორენევსკის რაიონში მიმდინარე ბრძოლებზეც. აქამდე სუჯის რაიონი საარტილერიო ცეცხლით დაიბომბა. გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები ბელგოროდის ტერიტორიაზე შეღწევასაც ცდილობენ. 

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა.

კომენტარები