10 აგვისტოს, გვიან ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ კურსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ თავდაპირველად, კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ის ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 10 აფეთქება მოხდა.
როგორც გამოცემა Ukrainska Pravda წერს, უკრაინელების მიერ ნასროლი რაკეტა, რომელიც რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა და დააზიანა. გაჩნდა ხანძარიც.
რუსული ტელეგრამ-არხის, Baza-ს ცნობით, არავინ დაღუპულა, ხოლო დაშავებულია 13 ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და Tochka-U ტიპის 4 ტაქტიკური რაკეტა გაანადგურეს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.





