საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

პუტინმა კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს გამბედაობა მოსთხოვა

ვლადიმირ პუტინი/ალექსეი სმირნოვი
befunky

ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსეი სმირნოვთან ვიდეოშეხვედრა გამართა

"ადამიანების დასახმარებლად ცხოვრება არაორდინალურ, რთულ ამოცანებს გისვამთ. საკმარისი არ არის მხოლოდ თქვენი პროფესიონალური ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რაც რა თქმა უნდა გაქვთ. ეს მოითხოვს თქვენგან გარკვეულ გამბედაობასა და გულისხმიერებას". – მიმართა პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს.

სმირნოვი კურსკის მმართველობის სადავეები 2024 წლის 12 მაისს, რომან სტაროვოიტისგან გადაიბარა. სტაროვოიტი, რომელიც თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, ტრანსპორტის მინისტრი გახდა.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს. 

პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები