რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ვერაფერს მიაღწიეს. ამის შესახებ მან აღმოსავლეთის ეკონომიკურ კონფერენციაზე ისაუბრა.
პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინამ კარგად მომზადებული ქვედანაყოფების კურსკის ოლქში გადასროლით დონბასის ფრონტზე თავი დაისუსტა და მნიშვნელოვან მიმართულებებზე რუსეთის იერიშების მოგერიება ვერ შეძლო. როგორც რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, სასაზღვრო რაიონებში ამჟამად სიტუაცია დასტაბილურებულია და რუსი სამხედროები ტერიტორიას ეტაპობრივად ათავისუფლებენ.
"მოწინააღმდეგის მიზანი იყო, რომ გვენერვიულა, დავბნეულიყავით, სამხედროები ერთი ნაწილიდან მეორეში გადაგვესროლა და შეგვეჩერებინა ჩვენი იერიში უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე, პირველ რიგში დონბასში, რომლის გათავისუფლებაც ჩვენი პირველი მიზანია. გამოუვიდათ თუ არა? არა. მოწინააღმდეგეს არაფერი გამოუვიდა. პირველ რიგში, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სიტუაციის სტაბილიზება შეძლეს და მათი სასაზღვრო ტერიტორიებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ განდევნა დაიწყეს. და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი იერიშის შეკავება არ ხდება. პირიქით, ამ სასაზღვრო რაიონებში საკმაოდ დიდი და კარგად მომზადებული ქვედანაყოფების გადასროლით, მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვან მიმართულებებზე საკუთარი თავი დაასუსტა, ჩვენმა სამხედროებმა კი დააჩქარეს იერიშის ოპერაციები. დიდი ხანია არ ყოფილა ტერიტორიების ასეთი დაკავება." – თქვა პუტინმა.
პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო რეგიონებიდან გავლენას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების "საღვთო ვალი" უწოდა. ის ასევე ირწმუნება, რომ უკრაინელებს დიდი დანაკარგები აქვთ, თუმცა არ დაასახელა რიცხვები. მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო და მათ ცნობებს ენდობა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
ასზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე ათეულობით დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. დანაკარგები ორივე მხარესაა. რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფოტოები და კადრები.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და ცნობები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.





