ABC News-ის ცნობით, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ტელეკომპანიის შემოთავაზებას დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატთან, კამალა ჰარისთან დებატების შესახებ დათანხმდა.
ამასთან დაკავშირებით ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დებატები ABC News-ის პირდაპირ ეთერში 10 სექტემბერს გაიმართება.
"ABC News საპრეზიდენტო კანდიდატებს სადებატოდ 10 სექტემბერს უმასპინძლებს. ვიცეპრეზიდენტმა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე დაადასტურეს, რომ ისინი ABC-ის დებატებში მონაწილეობას მიიღებენ" - წერია ტელეკომპანიის განცხადებაში.
21 ივლისს აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და დემოკრატიული პარტიის ახალ კანდიდატად ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი. ჰარისმა კანდიდატობისთვის საჭირო რაოდენობის დელეგატების მხარდაჭერა უკვე მოიპოვა.
შესაბამისად, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკურენციას ერთმანეთს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, კამალა ჰარისი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი გაუწევენ.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.





