რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კვლავ ირწმუნებიან, რომ კურსკის ოლქშ უკრაინელი სამხედროების წინსვლა არ დაუშვეს. ამის შესახებ უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.
დღე-ღამის განმავლობაში საზღვრის დაცვის ქვედანაყოფების, მესაზღვრეების, გაძლიერების ქვედანაყოფებისა და გადმოტყორცნილი რეზერვების აქტიური მოქმედებების, ავიაციისა და სარაკეტო ჯარების დარტყმების, არტილერიის ცეცხლის შედეგად მოწინააღმდეგის წინსვლა არ დავუშვით. ურკაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გამოვლენილ კონცეტრაციებზე მიმდინარეობს საცეცხლო დარტყმები. აღკვეთილია ცალკეული ქვედანაყოფების მიერ კურსკის მიმართულებით ტერიტორიის სიღრმისეული გარღვევის მცდელობები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ერთ დღეში უკრაინამ 400-მდე სამხედრო და 32 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა. მათივე მტკიცებით, მთლიანობაში მოკლეს 660 უკრაინელი სამხედრო და გაანადგურეს 82 ერთეული ჯავშანტექნიკა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ომის მხარდამჭერი რუსი Z ბლოგერების მხრიდან უკმაყოფილება და დაცინვა მოჰყვა.
პარალელურად არ წყდება ცნობები უკრაინელი სამხედროების მიერ წინსვლის შესახებ. უკვე ორივე მხარის სხვადასხვა წყაროები წერენ, რომ დივერსანტები სრულად აკონტროლებენ ქალაქ სუჯას.
გასულ დღეს რუსეთის გენშტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელების წინსვლა შეაჩერეს. თუმცა მალევე გავრცელდა ცნობები, რომ დივერსანტები დაწინაურდნენ. Z ბლოგერები გასულ დღეს გერასიმოვის სიტყვებსაც აკრიტიკებდნენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.





