დასავლეთში მოქმედი ირანული მედია, Iran International-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ახალმა პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სთხოვა, რომ ისრაელზე თავდასხმისგან თავი შეიკავონ, რათა გამანადგურებელი უკუშედეგი არ მიიღონ.
როგორც Iranintl-ი ირწმუნება, ამის შესახებ მათმა საკითხის მცოდნე ანონიმურმა წყარომ ისაუბრა. როგორც მედია წერს, ფეზეშქიანმა ხამენეის სთხოვა, რომ არ დაუშვან ირანის მიერ ისრაელზე პირდაპირი თავდასხმა, რათა დაძაბულობის ესკალაცია და არასასურველი ომი თავიდან აიცილონ. როგორც მედია ირწმუნება, წყაროებმა თქვეს, რომ ფეზეშქიანის აზრით, პოტენციური კონფლიქტი მის საპრეზიდენტო ვადაზე ცუდად აისახება და შექმნის მნიშვნელოვან პრობლემებს.
ამავე მედიის ცნობით, ფეზეშქიანი შიშობს, რომ ისრაელი საპასუხო იერიშებს ირანის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიიტანს, რაც ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.
Iranintl-ი წერს, რომ ფეზეშქიანი უკმაყოფილოა სამხედრო მეთაურების აგრესიული რიტორიკისგან და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მხრიდან ზეწოლას გრძნობს.
აქამდე The Washington Post-ი წერდა, რომ ირანმა შესაძლოა ისრაელზე მასშტაბური პირდაპირი თავდასხმა გადაიფიქროს, თუმცა საფრთხედ რჩება ლიბანში მოქმედი ჰეზბოლა.
ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას აფეთქების შემდეგ ისრაელი ირანის თავდასხმის მოლოდინშია. თეირანში პირობას დებდნენ, რომ ისრაელს "დასჯიდნენ" და პასუხს აუცილებლად გასცემდნენ. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული დაჯგუფებები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედებენ.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.
ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.





