რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა და კრემლის პროპაგანდისტმა, მარია ზახაროვამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის ტერიტორიების დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა და საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდა.
"ყველა ეს სისხლიანი დანაშაული დასავლეთის ცინიკური დუმილის ფონზე ხდება, რომელიც თავისი კიევის მარიონეტების დაფარვას აგრძელებს. ეს ყველაფერი მხოლოდ აძლიერებს უკრაინელი ნეონაცისტების დაუსჯელობის განცდას, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ დანაშაულებისთვის პასუხი არ მოეთხოვებათ. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ გადგეს განზე და მტკიცედ დაგმოს კიევის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები" - თქვა ზახაროვამ.
უკრაინელებისთვის "ნეონაცისტების" ოთხჯერ წოდების შემდეგ, ზახაროვამ უკრაინისთვის პარტნიორი ქვეყნების მიერ გადაცემულ F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი "ჯადოსნური აბები" ვერ იქნებიან, საბრძოლო ზონაში არსებულ სიტუაციაზე გავლენას ვერ მოახდენენ და რუსეთი მათ "აუცილებლად გაანადგურებს".
კრემლის პროპაგანდისტის თქმით, "უკრაინის ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ" მზადება უკვე დაწყებულია.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში მდებარე კურსკის ოლქის საზღვარი გაარღვიეს. 7 აგვისტოს დილით გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
- ცნობების მიხედვით, უკრაინელებმა კურსკის ოლქის საზღვარი გაარღვიეს
-
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინელებს კურსკის ოლქში სამი დასახლება აქვთ დაკავებული
ასევე, რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში მდებარე ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურ Суджа-ზე, რომელზეც გადის ყველაზე დიდი სატრანზიტო დერეფანი, საიდანაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება.





