საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

კურსკში რუსები უკრაინელ დივერსანტებთან ბრძოლას აგრძელებენ

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

ტელეგრამ-არხებზე კვლავ ვრცელდება ვიდეოები და ცნობები, რომ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელ დივერსანტებთან შეტაკებები გრძელდება.

ვიდეოში ჩანს, სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო ძალების ორი Су-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ასევე სატვირთო მანქანა, რომელიც იწვის. ჰორიზონტზე ჩანს კვამლი. ცნობების მიხედვით, ვიდეო კურსკის ოლქის სუჯის რაიონშია გადაღებული.

რუსულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ცნობები, რომ მათი საჰაერო ძალები მუშაობს და მოწინააღმდეგეს ბომბავენ. 

ამას გარდა, Z-არხებზე ვრცელდება განადგურებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ის ფოტო. Z-ბლოგერები ირწმუნებიან, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელი დივერსანტების ჰსთ გაანადგურეს. შემდეგში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ სისტემის კასეტური საბრძოლო მასალით დაზიანების ვიდეო გამოაქვეყნა. მათი ცნობით, უკრაინული ჰსთ სუმის ოლქში მდებარეობდა.

კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, დასახლებული პუნქტი სუჯის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

6 აგვისტოს დილიდან რუსულ ომის მხარდამჭერ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ცნობები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის საზღვრის გარღვევის შესახებ. 

როგორც ჩანს ამჯერად საუბარი არაა მხოლოდ უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსულ მოხალისეთა კორპუსსა და ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაზე, არამედ მოქმედებებში, სავარაუდოდ, უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებია ჩართული. ცნობების მიხედვით, იერიშში ჯავშანტრანსპორტიორების გარდა მონაწილეობს ტანკებიც.

პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა.

Z-ბლოგერები ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს სამხედრო ტექნიკა სამკუთხედის ნიშნით. მათი მტკიცებით, ეს ტექნიკა კურსკის მოსაზღვრე სუმის ოლქში შენიშნეს, სამკუთხედი კი ამ მიმართულებით მოქმედი უკრაინელი სამხედროების ახალი ტაქტიკური სიმბოლოა.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა თავდაპირველად ოფიციალურად გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგიონის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. შუა დღეს სმირნოვი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა უკრაინელი სამხედროების მიერ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ შეტაკებები ბელგოროდის ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა.

კომენტარები