აშშ-ს მოქმედმა ვიცეპრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლზი დაასახელა.
ტიმ უოლზი, მინესოტას 60 წლის გუბერნატორი, აშშ-ს ეროვნული გვარდიის არმიის ვეტერანი და ყოფილი მასწავლებელი ბოლო კვირების განმავლობაში ჰარისის ღია მხარდაჭერით გამოირჩეოდა. სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც ტრამპსა და ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს "უცნაური" (Weird) უწოდა, რომელიც მოგვიანებით ჰარისის კამპანიის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ტიმ უოლზი პოპულარულია აშშ-ს არაურბანულ მცხოვრებლებში, სწორედ ეს გახდა მინესოტელი გუბერნატორის დემოკრატიული პარტიის ვიცე პრეზიდენტად დასახელების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის დიდი ნაწილი უოლზის არც კი იცნობს. ისტორიულად, აშშ-ში ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატები დიდ გავლენას არ ახდენენ ამომრჩევლებზე, რადგან მათ ყველაზე მეტად პრეზიდენტობის კანდიდატები ანაღვლებთ, მაგრამ ტიმ უოლზი, როგორც მეგობრული და მხიარული ლიდერი, ჰარისისთვის პოლიტიკურად შემავსებელი იქნება.
ვიცეპრეზიდენტი იმედოვნებს რომ უმცირესობების ხმებს მოიპოვებს, მან შეიძლება ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწიოს ისეთ ქალაქებში, როგორიც არის დეტროიტი, პიტსბურგი, ფილადელფია და მილუოკი და ასე გაზარდოს დემოკრატების რიცხვი.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ოჰაიოელი სენატორი და Hillbilly Elegy-ის ავტორი 40 წლის ჯეი დი ვენსია.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.





