ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

გაეროს თქმით, ღაზაში მათი ოფისის 9 თანამშრომელი შესაძლოა ჰამასის თავდასხმაში მონაწილეობდა

Abed Zagout – Anadolu Agency

გაეროს შიდა ზედამხედველობის სამსახურმა (OIOS)  5 აგვისტოს ღამეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზაში მათი ოფისის (UNRWA) 9 თანამშრომელი "შესაძლოა მონაწილეობდა 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმაში". როგორც ცნობილია, აღნიშნული პირები თანამდებობიდან გათავისუფლდებიან. 

შიდა ზედამხედველობის სამსახური გაეროს სამდივნოს დამოუკიდებელი ორგანოა, რომელმაც 5 აგვისტოს გაეროს ღაზის ოფისის 19 თანამშრომელზე დაწყებული გამოძიების ანგარიში წარადგინა. აღნიშნული 19-დან 9 შემთხვევაში დადგინდა საკმარისი მტკიცებულება, რომ თანამშრომლები შესაძლოა 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ, ხოლო სხვა 9 საქმეში ზედამხედველობის სამსახურმა მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია. 

ასევე, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ მართავს გაეროს თანამშრომელი თეთრ მანქანას, რომელსაც მოგვიანებით მოკლული ჯონათან სამერანოს ცხედარი გადააქვს, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმისას ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს. 

Times of Israel

გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა UNRWA-ს თანამშრომლების ჰამასთან აფილიაციის საქმის გამოძიებას უღირსი უწოდა და თქვა, რომ რეალურად, ჰამასთან გაეროს ათასობით თანამშრომელი იყო დაკავშირებული. ერდანის თქმით, ისრაელმა გაეროს დეტალური ინფორმაცია და მტკიცებულებები 100 თანამშრომელზე მიაწოდა, მათ კი გამოძიება მხოლოდ 19 მათგანზე დაიწყეს. 

გამოძიება ამ საქმეზე 2024 წლის იანვარში დაიწყო, როცა ისრაელმა გაასაჯაროვა მტკიცებულებები და ბრალდება, რომ გაეროს თანამშრომლები ჰამასის წევრები იყვნენ. იანვარში გამოძიება 9 თანამშრომელზე დაიწყო, ხოლო 12 თანამშრომელზე საქმე მოგვიანებით, მარტში გახსნეს. 26 იანვარს გაეროს ღაზის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ისრაელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თანამშრომლები გაათავისუფლეს, რომელთა რაოდენობასაც არ ასახელებდნენ.

კომენტარები