სომალის დედაქალაქ მოგადიშუში პლაჟზე ტერორისტულ თავდასხმას, სულ მცირე, 32 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, 63 კი დაშავდა.
პოლიციის სპიკერის, აბდიფატაჰ ადენის თქმით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, სამი უშიშროების ძალებმა მოკლეს, ერთი კი ცოცხალი დააკავეს.
ადენმა დაამატა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა თავდასხმის დროს ერთი ჯარისკაციც დაიღუპა.
სომალის პრეზიდენტი ჰასან შეიხ მოჰამუდი და პრემიერი ჰამზა აბდი ბარე უშიშროების სამსახურებს შეხვდნენ, რათა ქალაქის უსაფრთხოება გააუმჯობესონ.
"მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ტერორისტები მოსპოს. ტერორისტებს მოქალაქეების დაშინება სურთ. მოქალაქეებმა მათ შორის დამალულ ტერორისტების შესახებ უნდა აცნობონ". - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია X-ზე
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-კაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, ალ-შაბაბმა აიღო, რომელიც განცხადებაში წერს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალური მაჩვენებლები.
ალ-შაბაბს მსგავსი თავდასხმები წარსულშიც აქვს მოწყობილი, მათ შორის 2022 წელს მანქანებში ბომბების აფეთქება.
ალ-შაბაბი სომალიში დაფუძნებული ისლამური ფუნდამენტალისტური დაჯგუფებაა, რომელიც 2006 წლიდან სომალის მთავრობის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. მათი მიზანი ცენტრალური ხელისუფლების დამხობაა. 2010 წლებში მთავრობის მხრიდან გარკვეული წინსვლის მიუხედავად, ალ-შაბაბი სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში ტერიტორიებს აკონტროლებს და ტერაქტების მოწყობას განაგრძობს.





