სომალი

სომალის ახალი პრეზიდენტი 327-მა ადამიანმა აირჩია

REUTERS

სომალის ყოფილი ლიდერი, ჰასან შეიხ მოჰამუდი პრეზიდენტად საბოლოოდ იმ კენჭისყრის გზით აირჩიეს, რომელიც მხოლოდ დეპუტატებისთვის იყო ღია. მან დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი მუჰამედ აბუდალაჰი - იგი პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.

პირდაპირი წესით არჩევნებზე უარი უსაფრთხოების გამო ითქვა და კენჭისყრა ღია მხოლოდ 328 დეპუტატისთვის იყო. მანამდე, არჩევნები, რომელიც შიდა დაპირისპირებისა და ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა, თითქმის 15 თვით გადაიდო. ხმის მიცემის დროს ისმოდა აფეთქებები, თუმცა პოლიციის განმარტებით, შეტაკებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ახალი პრეზიდენტის მთავარი გამოწვევა გვალვასთან გამკლავებაა, რის შედეგადაც, გაეროს შეფასებით, 3.5 მილიონი სომალელი მძიმე შიმშილის საფრთხის წინაშეა. თუმცა, მთავარ ამოცანად რჩება ალ-შაბაბისგან სომალის დიდი ნაწილის გათავისუფლება. ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ისლამისტური მებრძოლი დაჯგუფება ქვეყნის დიდ ნაწილზე დომინირებას აგრძელებს და თავდასხმებს ხშირად ახორციელებს. ამასთანავე, ქვეყანა უკრაინის ომის გამო განიცდის სასურსათო საქონელსა და საწვავზე ფასების ზრდას. 

არასტაბილურობა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სომალიმ ვერ შეძლო პირდაპირი არჩევნების ჩატარება. სომალიში 1969 წლის შემდეგ დემოკრატიული არჩევნები პირდაპირი წესით არ ჩატარებულა. 

ეს არჩევნები გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, როცა წინა პრეზიდენტის ოთხწლიანი მმართველობის ვადა დასრულდა. თუმცა, პოლიტიკური უთანხმოებისა და არასტაბილურობის გამო არჩევნები გადაიდო და ამ პერიოდში პრეზიდენტად ისევ აბუდალაჰი რჩებოდა. დეპუტატები, რომლებმაც ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, თავად ქვეყნის ძლიერი კლანების მიერ წარდგენილი დელეგატები არიან. 

ერთადერთი ქალი კანდიდატი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფავზია იუსუფ ადამინი კენჭისყრას პირველივე ტურში გამოეთიშა. პრეზიდენტის ასარჩევად კი, სომალიში სამი ტური ჩატარდა.

კომენტარები