შოვში სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი და ტაძარი აშენდება.
საქართველოს მთავრობის ცნობით, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, სასულიერო პირებთან ერთად ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა.
"შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები. ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ყველაზე მძიმე რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის იყო ეს დღეები და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები, ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
- ნაცვლიშვილი შოვზე: სახელმწიფო დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე მიჩუმათდეს ეს საკითხი
- კობახიძე შოვში: ჭირისუფლებს შევპირდი შეხვედრის ორგანიზებას - გაეცნობიან დეტალებს
რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 2023 წლის 3 აგვისტოს ჩამოიშალა. სტიქიის შედეგად დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთი მცირეწლოვანის - ვერა.