შოვის ტრაგედია

შოვის სტიქიის დეტალებზე გარემოს სააგენტოს უფროსი, ლაშა სუხიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ლაშა სუხიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, შოვის სტიქიის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ სუხიშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

სუხიშვილმა ტვ პირველთან საუბრისას აღნიშნა, რომ ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა შოვის სტიქიის კვლევის ახალი მასალები, ხოლო ორშაბათს მას შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით შსს-დან გამომძიებელი დაუკავშირდა, რომელმაც ის გამოკითხვაზე დაიბარა.  

"ერთი კვირის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ შოვის კვლევის ახალი მასალები და ორშაბათს დამიკავშირდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამომძიებელი, რომელმაც მითხრა, რომ იყო გასაუბრება საჭირო და ამ მასალების საგამოძიებო პროცესში ჩართვა, რაც ცხადია, ასეც უნდა იყოს. საუბარში გამოკვეთა, რომ მათ აინტერესებთ სეისმური მონაცემები, რაზეც ვუთხარი, რომ არ ვარ სეისმოლოგი და თეა გოდოლაძე მეტად კომპეტენტურ პასუხებს გასცემდა. ამაზე მივიღე პასუხი, რომ ეს არის მასალების საქმეში ჩართვის პროცედურა და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის". - თქვა სუხიშვილმა.

სუხიშვილის თქმით, გამოკითხვაზე გამომძიებლის მიერ დასმული ყველა შეკითხვა სეისმოლოგიურ საკითხებს ეხებოდა [რისი სპეციალისტიც სუხიშვილი არ არის], რაც მისი  შეფასებით, კითხვისნიშანს აჩენს აღნიშნულ გამოკითხვასთან დაკავშირებით. 

"დღეს მივედი საგამოძიებო სამსახურში და თითქმის ყველა კითხვა შეეხება სეისმოლოგიას, რისი სპეციალისტიც მე არ ვარ. მე სხვა სპეციალობის წარმომადგენელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ამას ვაფიქსირებდი, კითხვები შეეხებოდა სეისმოლოგიას. ვერ მივხვდი, მე რატომ მეკითხებოდა გამომძიებელი ისეთ საკითხებს, რომელშიც კომპეტენტური არ ვარ. ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი". - თქვა ლაშა სუხიშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, გამომძიებელი გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ შოვის სტიქიის ანალიზი ლაშა სუხიშვილს არ ჩაუტარებია.

"გაფრთხილებული იყო გამომძიებელი იმის შესახებ, რომ ეს იყო მასალა, რომლის ანალიზიც ლაშას არ ჩაუტარებია (ჩავატარე მე); მოხდა ლაშას დაბარება, შეკითხვების დასმა, რომელზეც ლაშას კომპეტენცია არ აქვს, რომ დეტალებში შევიდეს ამ საკითხთან დაკავშირებით". - თქვა გოდოლაძემ ტვ პირველის ეთერში

კომენტარები