"გავიდა დაუსჯელობის და დაუცველობის 1 წელი" - ლელოს ერთერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი შოვის ტრაგედიის წლისთავს ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს მედიის და საზოგადოების წინაშე უნდა იდგეს საქართველოს პრემიერმინისტრი და თითოეულ მოქალაქეს ეუბნებოდეს - რა გაკვეთილი გამოიტანა მთავრობამ და მთლიანად ხელისუფლებამ შოვის ტრაგედიიდან.
"ასევე, დეტალურად გაბარებდეთ ანგარიშს, რაში დახარჯა მან და მისმა მთავრობამ სრული ერთი წელი იმისთვის, რომ დღეს საქართველოს ჰქონოდა ფუნქციური სისტემა კოორდინაციის, პრევენცია-გაფრთხილების და სწრაფი რეაგირების იმისთვის, რომ თუ მსგავსი ბუნებრივი მოვლენა კვლავ განვითარდება, რაც არავის არ გვინდა, მაგრამ ვერავინ გამორიცხავს, გვქონდეს სისტემა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კატასტროფულ ადამიანურ მსხვერპლს.
ასეთი ანგარიშის წარმოდგენა დღეს არც კობახიძეს შეუძლია და არც მთავრობას. მეტიც, მთელი წლის განმავლობაში არც მოქმედმა პრემიერმა და არც მისმა წინამორბედმა არ ჩათვალა თავი ვალდებულად, რომ ამ საკითხებზე და მთავრობის მოქმედებებზე ამ წლის განმავლობაში მაინც საზოგადოებასთან ერთხელ მაინც გულწრფელად და საქმიანად ესაუბრა. იმედი მაქვს, დღეს მაინც, კობახიძე კვლავ გადარჩენილების დამუნათებით და ეჭვის ქვეშ დაყენებით არ იქნება დაკავებული" - თქვა ნაცვლიშვილმა.
ლელოს ერთერთი ლიდერის თქმით, ის ცდილობდა, საპარლამენტო ბერკეტების მეშვეობით განეხორციელებინა მონიტორინგი თუ რაში დახარჯა ხელისუფლებამ 1 წელი. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ შედეგების მიხედვით, დღემდე არცერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა - არც სისხლის სამართლის წესით, არც პოლიტიკურით.
"დისციპლინარული სანქციაც კი არავის დაკისრებია ამოდენა ადამიანური მსხვერპლის პირობებში" - ამბობს პოლიტიკოსი.
ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ აწარმოა ეფექტიანი, მიუკერძოებელი სისხლის სამართლის გამოძიება, მაგრამ ამავე დროს, არცერთ სხვა ფორმატში - არც საპარლამენტო, არც აღმასრულებელ ფორმატში არ მომხდარა საკითხის მოკვლევა სიმართლის დადგენის მიზნით.
"ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მომავალი ტრაგედიების თავიდან აცილებაზე ორიენტირებული სათანადო ხედვა და მოქმედებები კვლავ არ გააჩნია" - თქვა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ლელოს ერთერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინფორმაციას მალავს.
"არსებობს ერთადერთი ადვოკატი, ვისაც აქვს წვდომა სისხლის სამართლის გამოძიებაზე და მასაც სახელმწიფომ წლის დასაწყისში გაუთქმელობაზე მოაწერინა ხელი. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მალავს ინფორმაციას და არის დაინტერესებული არა შოვის საკითხზე სიმართლის დადგენით, არამედ იმით, რომ რაც შეიძლება მალე მიჩუმათდეს და ყველას დაგვავიწყდეს ეს საკითხი" - თქვა ნაცვლიშვილმა.
რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 2023 წლის 3 აგვისტოს ჩამოიშალა. სტიქიის შედეგად დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთი მცირეწლოვანის - ვერა.