ინფლაცია საქართველოში

ხილი, ტკბილეული, ყავა-ჩაი გაძვირდა, ზეთი და პური გაიაფდა, ინფლაცია 1.8%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით შემცირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 1.4%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 4.3%-ით. განათლება 3.8%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.7%-ით, ტრანსპორტი - 9.4%-ით, ხოლო ჯანდაცვა - 0.1%-ით.

საქსტატის ცნობითვე, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 7.6%-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 3.8%-ით გაიაფდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი - 2.8%-ით, ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 1%-ით, დასვენება-გართობა-კულტურა კი - 1.1%-ით.

საქსტატის მტკიცებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-3.8%), ასევე, პურსა და პურპროდუქტებზე (-2.5%).

ფასები გაზრდილია ხილსა და ყურძენზე (22.5%), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (5.7%), ყავა-ჩაი-კაკაოზე (4.9%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.5%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (2.7%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (0.9%).

კომენტარები