ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ ლიბანში მოქმედი ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფების უფროსი მეთაური ფუად შუკრი ბეირუთში მომხდარი საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს.
გავრცელებულ განცხადებაში IDF ამბობს, რომ შუკრი ჰეზბოლას ყველაზე უფროსი სამხედრო მეთაურია. ისრაელის ცნობით, შუკრი ჯიჰადის საბჭოს წევრი იყო, რაც ჰეზბოლას უმთავრესი სამხედრო ორგანოა, და დაჯგუფების სტრატეგიული დანაყოფის ხელმძღვანელად ითვლებოდა.
IDF ასევე ამბობს, რომ შუკრი ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროსი მრჩეველი და "მარჯვენა ხელი" იყო სამხედრო საკითხებში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა აქამდე გაავრცელა ცნობა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საჰაერო იერიში მიიტანეს, რომლის სამიზნეც ჰეზბოლას მეთაური იყო.
ისრაელის არმიის თქმით, ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, შუკრი ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების წარმართვას ხელმძღვანელობდა და იგი ასევე 28 ივლისს მაჯდალ შამსზე მიტანილ ჰეზბოლას იერიშზეც იყო პასუხისმგებელი, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
IDF-ის ცნობით, შუკრი ჰეზბოლას 1985 წელს შეუერთდა და ტერორისტულ დაჯგუფებაში რამდენიმე მაღალი რანგის თანამდებობა ეკავა. 1990-იან წლებში იგი IDF-ისა და სამხრეთ ლიბანის არმიის წინააღმდეგ თავდასხმებს ხელმძღვანელობდა და 2000 წელს სამი ისრაელელი ჯარისკაცის გატაცებაშიც იყო ჩართული.
28 ივლისს ჰეზბოლას მიერ ისრაელზე ლიბანიდან მიტანილ იერიშს დრუზების (ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა) დასახლება მაჯდალ შამსში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები ძირითადად 12-20 წლის მოზარდები არიან.
რაკეტა მოედნის მახლობლად ჩამოვარდა. განგაშის სიგნალი გვიან ჩაირთო და მოზარდებმა გაქცევა ვერ მოასწრეს. კიდევ რამდენიმე ათეული მოზარდი აფეთქების შედეგად დაშავდა.
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის გასულ წელს დაწყებული ახალი ესკალაციის ფონზე, ეს არის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის იერიშს მოჰყვა. სავარაუდოა მოვლენების კიდევ უფრო გამძაფრება.
მომდევნო დღეს, ჰეზბოლას მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული 12 მოზარდის დაკრძალვაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, ხოლო ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ჰეზბოლა მომხდარისთვის უპრეცედენტოდ მძიმე საზღაურს გადაიხდის.





