დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

IDF-ის თქმით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას მეთაურზე იერიში მიიტანეს

მედიაში ვრცელდება სურათები, რომლებშიც სავარაუდოდ ისრაელის მიერ ბეირუთში მიტანილი იერიშის შემდგომი კადრებია ასახული

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საჰაერო იერიში მიიტანეს, რომლის სამიზნეც ჰეზბოლას მეთაური იყო.

IDF-ის ცნობით, იერიშის სამიზნე ის მეთაური იყო, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე დასახლება მაჯდალ შამსზე მიტანილ ჰეზბოლას იერიშზე, და ასევე სხვა ჰეზბოლას დარტყმებზე, იყო პასუხისმგებელი.

IDF-ის თქმით, დამატებით დეტალებს მალე გაავრცელებენ.

ამასთანავე, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა განაცხადა, რომ ჰეზბოლას ტერორისტულმა დაჯგუფებამ "წითელი ხაზი გადაკვეთა".


28 ივლისს ჰეზბოლას მიერ ისრაელზე ლიბანიდან მიტანილ იერიშს დრუზების (ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა) დასახლება მაჯდალ შამსში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები ძირითადად 12-20 წლის მოზარდები არიან.

რაკეტა მოედნის მახლობლად ჩამოვარდა. განგაშის სიგნალი გვიან ჩაირთო და მოზარდებმა გაქცევა ვერ მოასწრეს. კიდევ რამდენიმე ათეული მოზარდი აფეთქების შედეგად დაშავდა.

ისრაელსა და ჰეზბოლას შორის გასულ წელს დაწყებული ახალი ესკალაციის ფონზე, ეს არის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის იერიშს მოჰყვა. სავარაუდოა მოვლენების კიდევ უფრო გამძაფრება.

მომდევნო დღეს, ჰეზბოლას მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული 12 მოზარდის დაკრძალვაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, ხოლო ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ჰეზბოლა მომხდარისთვის უპრეცედენტოდ მძიმე საზღაურს გადაიხდის.

კომენტარები