დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

სამხედრო კაბინეტმა ნეთანიაჰუს და გალანთს ჰეზბოლას დარტყმაზე პასუხის გაცემის უფლება მისცა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხედრო კაბინეტის შეხვედრას მართავს, რათა ჰეზბოლას იერიშის შემდეგ ისრაელის საპასუხო გეგმები განიხილონ, 28 ივლისი, 2024
Haim Zach/GPO

რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის შეხვედრა დასრულდა. გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, შედეგად, ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს იოავ გალანთს კაბინეტმა უფლებამოსილება მიანიჭა, რათა 27 ივლისს ჰეზბოლას მიერ ისრაელზე მიტანილ იერიშს პასუხი გაეცეს. 

გამოცემის თქმით, მას შემდეგ, რაც მინისტრებმა წინა კვირას ისრაელის მხრიდან იემენზე მიტანილ იერიშზე თანხმობის გაცემის პროცესზე პროტესტი გამოხატეს, დღევანდელ შეხვედრაზე ყოველ მინისტრს სასაუბრო დრო მიეცა. 

ამასთანავე, გამოცემის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ითამარ ბენ გვირმა საკითხზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.


ჰეზბოლას მიერ ისრაელზე ლიბანიდან მიტანილ იერიშს დრუზების (ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა) დასახლება მაჯდალ შამსში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები ძირითადად 12-20 წლის მოზარდები არიან.

რაკეტა მოედნის მახლობლად ჩამოვარდა. განგაშის სიგნალი გვიან ჩაირთო და მოზარდებმა გაქცევა ვერ მოასწრეს. კიდევ რამდენიმე ათეული მოზარდი აფეთქების შედეგად დაშავდა.

ისრაელსა და ჰეზბოლას შორის გასულ წელს დაწყებული ახალი ესკალაციის ფონზე, ეს არის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის იერიშს მოჰყვა. სავარაუდოა მოვლენების კიდევ უფრო გამძაფრება.

მომდევნო დღეს, ჰეზბოლას მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული 12 მოზარდის დაკრძალვაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, ხოლო ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ჰეზბოლა მომხდარისთვის უპრეცედენტოდ მძიმე საზღაურს გადაიხდის.

კომენტარები