2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

კამალა ჰარისი საპრეზიდენტო კამპანიის პირველ სიტყვით გამოსვლაში ტრამპს დაესხა თავს

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Ting Shen & Emily Elconin / Bloomberg

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული პირველი სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმებს დაუთმო. მისი თქმით, ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ხალხს ყოფილ პროკურორსა (რაშიც ჰარისი საკუთარ თავს გულისხმობს) და დამნაშავეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

უისკონსინის შტატში, დაახლოებით 3 000 მხარდამჭერთან გამართულ შეხვედრაზე, ჰარისმა ტრამპი იმ თაღლითებს შეადარა, რომელთა სამართლებრივი დევნითაც იგი პროკურორობის დროს იყო დაკავებული.

"მე ყველა სახის კანონდამრღვევთან მომიწია გამკლავება - ბოროტმოქმედები, რომლებიც ქალებზე ძალადობდნენ, თაღლითები, რომლებიც მომხმარებლებს სძალავდნენ, და მატყუარები, რომლებიც წესებს საკუთარი გამორჩენისთვის არღვევდნენ, ამიტომ მომისმინეთ, როცა ვამბობ: ტრამპისნაირებს ვიცნობ". - თქვა კამალა ჰარისმა სიტყვით გამოსვლისას.

თავის მხრივ, ტრამპი ჰარისს წარსული სასაზღვრო პოლიტიკის გამო დაესხა თავს და სოციალურ მედიაში დაწერა: "მატყუარა კამალა ჰარისი ყველაფერს ანგრევს, რასაც ეხება!".

ამას გარდა, სიტყვით გამოსვლისას კამალამ მხარდამჭერებს ტრამპსა და მას შორის არჩევანთან დაკავშირებით რიტორიკული კითხვით მიმართა: "მართლა გვსურს, რომ თავისუფლების, თანაგრძნობისა და კანონის უზენაესობის ქვეყანაში ვიცხოვროთ, თუ ქაოსის, შიშის და სიძულვილის [ქვეყანაში]?"

მას შემდეგ, რაც 21 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა და მის ნაცვლად მხარი კამალა ჰარისისთვის დაეჭირა, დემოკრატიული პარტიის წევრები და ლიდერები ჰარისის კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ.

ბაიდენის შემდეგ კამალა ჰარისს მხარდაჭერა ნენსი პელოსიმ, და ასევე აშშ-ს სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა, და კონგრესში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმაც გამოუცხადეს.

ამასთანავე, გამოცემა Associated Press-ის მონაცემებით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს კამალა ჰარისს საკმარისი დელეგატების მხარდაჭერა აქვს, რათა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად გახდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე შტატის დელეგატები ორშაბათს გვიან შეხვდნენ, რათა ჰარისისთვის მხარდაჭერა დაედასტურებინათ. ორშაბათს ღამით კი ჰარისს 2 668 დელეგატის მხარდაჭერა ჰქონდა მაშინ, როცა დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად 1 976 დელეგატის მხარდაჭერაა საჭირო.

ამასთანავე, კალიფორნიის შტატის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ რასტი ჰიკსმა განაცხადა, რომ სატელეფონო ჩართვის დროს შტატის დელეგატების 75-80% ჩართული იყო და ყველა მათგანმა ერთხმად ჰარისის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ჰიკსის თქმით, ვიცეპრეზიდენტის ჰარისის გარდა სხვა პოტენციური კანდიდატი არავის უხსენებია.

• ბაიდენმა 2024 წლის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა – როგორ შეირჩევა ახალი კანდიდატი?

კომენტარები