კომპანია Adidas-მა ბოდიში მოიხადა ამერიკელი მოდელის, ბელა ჰადიდის იმ ფეხსაცმლის (SL72) სარეკლამო კამპანიაში ჩართვისთვის, რომელიც პირველად 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე გამოუშვეს.
1972 წლის ოლიმპიური თამაშების დროს 8 პალესტინელმა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება შავ სექტემბერთან იყვნენ დაკავშირებული, მიუნხენში ისრაელელი ოლიმპიური ათლეტები მძევლად აიყვანეს და სანაცვლოდ ისრაელისა და გერმანიის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. გერმანიის პოლიციასა და ტერორისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ტერორისტებმა 11 ისრაელელი ათლეტი და ერთი გერმანელი პოლიციელი მოკლეს.
მას შემდეგ, რაც Adidas-მა SL72 ფეხსაცმლის სურათები გამოაქვეყნა, რომელშიც პროდუქტს რეკლამას ბელა ჰადიდი უკეთებს, ისრაელის სახელმწიფომ კომპანიის გადაწყვეტილება X-ზე გააკრიტიკა:
"გამოიცანით ვინ არის მათი [Adidas-ის] კამპანიის სახე? ბელა ჰადიდი, მოდელი, რომელსაც ანტისემიტიზმის გავრცელებისა და ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებების ისტორია აქვს". - წერია X-ზე ისრაელის ოფიციალური ანგარიშის განცხადებაში.
მოგვიანებით, 19 ივლისს, Adidas-მა სარეკლამო კამპანია შეწყვიტა და NBC News-თან კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დარჩენილ სარეკლამო კამპანიასაც გადახედავდნენ.
"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ტრაგიკულ ისტორიულ მოვლენებთან ხაზები გაავლეს - თუმცა, ეს ყოველივე სრულად განუზრახველია - და ბოდიშს ვიხდით გამოწვეული ნებისმიერი მიყენებული ტკივილისა და გაბრაზებისთვის". - წერია Adidas-ის განცხადებაში.
ბელა ჰადიდის მამა პალესტინელია, ხოლო თავად მოდელი ჰამას-ისრაელის ომის მიმდინარეობისას საკუთარ სოციალური მედიის ანგარიშზე ტერორიზმის მხარდასაჭერ პოსტებს ავრცელებდა:
რამდენიმე კვირის წინ, მან Instagram-ზე "სთორი" გადააზიარა, რომელშიც ეწერა, რომ ჰამასის ტყვეობის დროს ტერორისტებმა ისრაელელ მძევალს დაბადების დღის აღსანიშნავად ტორტი გამოუცხვეს. მოგვიანებით, აღნიშნული პოსტი თავდაპირველად გამომქვეყნებელმა წაშალა.
მას შემდეგ, რაც "სთორიში" ხსენებული ისრაელელი, ალმოგ მეირი ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლდა, ისრაელის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ნუტრიციონისტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ალმოგსა და გათავისუფლებულ სამ მძევალს კვების უკმარისობა ჰქონდათ.
ჰადიდმა ასევე Instagram-ის "სთორიში" მწუხარება გამოთქვა ფატიმა ბერნავის გარდაცვალების გამო, რომელმაც იერუსალიმში კინოთეატრის აფეთქება სცადა.