აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერების წინაშე საჯარო სივრცეში პირველად წარდგა. მიჩიგანში წინასაარჩევნო აქციაზე დონალდ ტრამპი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთან, ჯეი დი ვენსთან ერთად გამოვიდა.
ტრამპმა პატივი მიაგო თავდასხმის დროს დაღუპულ მოქალაქეს და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, მხარდამჭერების წინაშე ის ახლა მხოლოდ ღვთის წყალობით დგას.
"მე აქ არ ვიქნებოდი, შესაძლოა, ჯეი დი ან ვინმე სხვა ყოფილიყო, მაგრამ მე არა, თუმცა, რაღაც ძალიან გასულ შაბათს განსაკუთრებული მოხდა". - თქვა ტრამპმა.
ამასთან, რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატმა უპასუხა ოპონენტების კრიტიკასაც, რომლებიც მას დემოკრატიისთვის საფრთხეს უწოდებენ.
"გასულ კვირაში მე ტყვია მივიღე დემოკრატიისთვის". - აღნიშნა ტრამპმა.
გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ნოემბრის არჩევნებს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა. მისივე თქმით, დემოკრატებმა ისიც კი არ იციან, ვინ იქნება მათი კანდიდატი.
"მათ უნდა ჩაატარონ ყრილობა და რამდენიმე პრობლემის წინაშე დგანან. პირველ რიგში, მათ წარმოდგენა არ აქვთ ვინ იქნება კანდიდატი. ეს არის პრობლემა, თუმცა, ვნახოთ". - თქვა ტრამპმა.
13 ივლისის საღამოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღით მისი მკვლელობა სცადეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადგომის შემდეგ ტრამპმა ჰაერში მუშტი აწია.
ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სცენიდან გაყვანის დროს მას სახის არეში სისხლი მოსდის.
მკვლელობის მცდელობიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი "განეიტრალებული" იყო.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. FBI-ის ცნობით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია.





