ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჩრდილოეთის ფრონტზე გახშირებულ ჰეზბოლას თავდასხმებზე ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი მზადაა, ამ თავდასხმებს უკიდურესად ძლიერად უპასუხოს. ბოლო კვირის მანძილზე ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ჰეზბოლამ თავდასხმები კიდევ უფრო გაააქტიურა.
"ყველა, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლიათ დაგვაზიანონ და ჩვენ წყნარად ვისხდებით, ძალიან ცდება" - თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
5 ივნისს ნეთანიაჰუ ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქს კირიათ შმონას სტუმრობდა, რომელიც ჰეზბოლას თავდასხმების ერთ-ერთი სამიზნეა. ნეთანიაჰუს ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჰეზბოლამ კვლავ მიიტანა იერიში ქალაქ ჰუსფეიშზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა დრუზია. იერიშის შედეგად 11 ისრაელელი დაიჭრა.
"ირანი ცდილობს, რომ დაგვახრჩოს და ალყაში მოგვაქციოს და ჩვენ ირანის და მათი მარიონეტების წინააღმდეგ პირდაპირ ვიბრძვით. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჩრდილოეთში ეს სიტუაცია გაგრძელდეს და ეს არ გაგრძელდება. ჩვენ მოსახლეობას სახლებში დავაბრუნებთ და უსაფრთხო გარემოს დავაბრუნებთ" - თქვა ნეთანიაჰუმ.
4 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის მეთაურმა, გენერალმა ჰერცი ჰალევიმ თქვა, რომ ისინი ახლოს არიან გადაწყვეტილებასთან, თუ როგორ უპასუხებენ ჰეზბოლას ყოველდღიურ თავდასხმებს ჩრდილოეთში.





