საქართველო-აშშ

ჯო უილსონი საქართველოს საკითხის და MEGOBARI აქტის შესახებ კონგრესში სიტყვით გამოვიდა

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი კონგრესში საქართველოს საკითხის განსახილველ მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა. ჯო უილსონი MEGOBARI აქტის წარმდგენია. მისი თქმით, ქართული ოცნების მიერ ანტიდემოკრატიულ გზაზე გადახვევის პროცესში მიღებული აგენტების კანონი მხოლოდ აისბერგის წვერია.

"მმართველი პარტია საერთო ნიადაგს პოულობს ომის დამნაშავე პუტინთან, რომელიც საკმაოდ ბედნიერია ქართული ოცნების ანტიდასავლური, შეთქმულების თეორიებით დატვირთული გადახვევის თანახელმომწერი იყოს. რუსული სადაზვერვო სუბიექტები საქართველოში დაუსჯელად მოქმედებენ, საქართველოს უშიშროების სამსახურები ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართეს მაშინ, როცა საქართველოს სუვერენიტეტი რუსეთის იმპერიას ვაჭრობით გადასცეს, ძალაუფლებისა და მატერიალური მოგების იაფფასიანი სამშვენისების სანაცვლოდ" - თქვა ჯო უილსონმა. 

უილსონის თქმით, ქართულმა ოცნებამ ღიად თქვა უარი ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანზე და პარლამენტში პუტინისეული სტილის აგენტების კანონი გაიტანა. ჯო უილსონის სიტყვებით, კანონის მიზანია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების და მედიისთვის ძირის გამოთხრა და მათი სტიგმატიზაცია. ასევე მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებზე და აქტივისტებზე,ასევე მათ ოჯახებზე, დაშინება, მუქარა და თავდასხმები.

"ქართული ოცნება აქტიურად იკრავს გულში ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტორიტარებს იმის მიუხედავად, რომ პუტინს [საქართველოს] საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, ეს ტერიტორია არალეგალურად აქვს დაკავებული, და ასევე საბჭოთა [კავშირის] კოლონიალური დამორჩილებისა და აგრესიის ხანგრძლივი და სასტიკი ისტორიის მიუხედავად." - თქვა უილსონმა.

უილსონმა ასევე საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობის მრავალწლოვანი დინამიკის შესახებ ისაუბრა და გაიხსენა საერთო რეფორმები, ინვესტიციები, $6 მილიარდზე მეტი დახმარება და მისიები რეგიონის და მსოფლიოს მშვიდობის დასაცავად.

უილსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება აფართოებს კავშირებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ეს დიქტატორული გადახვევის კიდევ ერთი ასპექტია.

კომენტარები