რუსული კანონი

ესტონეთის პარლამენტი განცხადებას განიხილავს, რომელიც ოცნების წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს

ესტონეთის პარლამენტი

ესტონეთის პარლამენტში, რიიგიკოგუში 44 დეპუტატის სახელით განცხადების პროექტი წარადგინეს, რომელიც ქართული ოცნების ქმედებებს გმობს და, მათ შორის, ივანიშვილისა და ხელისუფლების სანქცირებას, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და სამთავრობო პროექტების დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვს.

ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტმა პრესრელიზი გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ გაიწვევენ რუსულ კანონს, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა შემდგომი ნაბიჯი უნდა დაიბლოკოს, სამთავრობო პროექტების დაფინანსება უნდა შეწყდეს და ეს ფინანსების სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დროებით უნდა შეწყდეს და ბიძინა ივანიშვილის, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში ჩართული სამართალდამცავების, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და ქართული ოცნების ლიდერებისა და პარლამენტარების წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს, მათ შორის, ესტონეთში შესვლა უნდა აეკრძალოთ. 

"სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებს დემოკრატიის კრზისის გადაჭრას იმგვარად, რომ პატივი სცეს კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო უფლებებს, არ დაუბრუნდება რეფორმისა და დემოკრატიზაციის პროგრამებს, რომლებზეც EU-სთან შეთანხმდა და სანამ არ გაიწვევს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, მანამდე რიიგიკოგუ მიიჩნევს, რომ ესტონეთმა აუცილებლად უნდა დაბლოკოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომავალი პროცესი, გაყინოს სამთავრობო სამსახურებთან განვითარების თანამშრომლობა და გათავისუფლებული თანხა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას მოახმაროს.

განცხადების პროექტში რიიკოგუ საჭიროდ მიიჩნევს, რომ სამთავრობო სანქციები იქნას მიღებული, მათ შორის ესტონეთში შესვლა აეკრძალოთ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობის წევრებს, საქართველოს პარლამენტის ლიდერებსა და ქართული ოცნების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერებს. ესტონეთის პარლამენტი ასევე მოითხოვს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლების სანქცირებას, რომლებიც მშვიდობიანი აქციების ძალადობრივ დარბევასა და საქართველოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიაში მონაწილეობდა და EU-სთვის რელევანტური სიის გაგზავნას.

განცხადების პროექტში რიიგიკოგუ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების გაყინვასთან დაკავშირებით, სანამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ იქნება გაწვეული". - წერია პრესრელიზში

განცხადება აკრიტიკებს რუსულ კანონს, რომელიც "რუსეთის ფედერაციის ე.წ. უცხოელი აგენტების კანონით არის შთაგონებული, რითაც პუტინის რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოებას, პრესასა და პოლიტიკურ ოპოზიციას ავიწროებს" და ქართული ოცნების ქმედებებს "ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებად" მოიხსენიებს, რომლებიც "ქართველი ხალხის აშკარა უმრავლესობის ნების საპირისპიროდ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს ეჭვქვეშ აყენებს".

წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონი "მასშტაბური პროტესტების, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად" მიიღო. 

პრესრელიზში ასევე წერია, რომ "განცხადების განმარტებითი ბარათის მიხედვით, ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ განაცხადა, რომ ეს კანონი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ გაეროს პაქტთან წინააღმდეგობაში მოდის, რამდენადაც კანონის უზენაესობის, კანონიერების, პროპორციულობისა და არადისკრიმინაციის პრინციპებს არღვევს".

განცხადებაში დეპუტატები "საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონი უცხოური გავლენის შესახებ. 

"რიიგიკოგუ საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებს, რომ დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ წინააღმდეგ ძალადობა შეწყვიტოს, ჩაატაროს კანონიერი გამოძიება იმ პირებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებმაც აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს, რათა დაიცვას თავისი პირობა კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ და გაატაროს რეფორმები, რომლებსაც საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მოითხოვს და რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობას წარმოადგენს". - წერია პრესრელიზში.

პრესრელიზში წერია, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტმა პლენარულ კრებაზე განცხადების გაგზავნა უნდა განიხილოს.

კომენტარები