რუსული კანონი

ევროპის საბჭოში საქართველოს დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღეს

Council of Europe

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია საქართველოს პარლამენტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სრულად და დაუყოვნებლივ გაწვევისკენ მოუწოდებს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 66-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო 4. რეზოლუციის ავტორები არიან კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა. 

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. დოკუმენტი სრულად უჭერს მხარს ვენეციის კომისიის მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე. ტექსტში ხაზგასმულია, რომ კანონი და ის პროცესი, როგორც კანონი მიიღეს, შეუთავსებელია ევროპის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან და იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს აქვს აღებული.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ვერ იქნება აღქმული საქართველოს მომავალი არჩევნებისგან იზოლირებულად, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდება. ასამბლეა შიშობს, რომ ამ კანონს არასასურველი ეფექტი ექნება არჩევნების ჩატარებაზე, მხარეთა ნდობის ხარისხზე, რაც არჩევნების ლეგიტიმაციაზეც მოახდენს გავლენას. ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ კანონის მიღებამ მომავალი არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმად აქცია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის და საგარეო პოლიტიკის შესახებ." - წერია ევროპის საბჭოს რეზოლუციაში

რეზოლუციის მეორე შესწორების ინიციატორი ოლექსი გონჩარენკო იყო, რომელიც  ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის და რუსული გავლენების შესახებ ტექსტის ჩამატებას ითხოვდა. საბჭომ მეორე შესწორებას მხარი არ დაუჭირა. 

ამას გარდა, რეზოლუცია ეხება საქართველოს კანონს ადმინისტრაციული დარღვევების შესახებ, რომელიც ხარვეზიან კანონადაა მოხსენიებული და გამოთქმულია წუხილი, რომ კანონი ძალის გადამეტების საშუალებას აძლევს სამართალდამცავ უწყებებს. 

რეზოლუციის მეათე მუხლში ხაზგასმულია, რომ "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნების დაცვის" კანონი ევროპის საბჭოში ძლიერ უარყოფით წინასწარგანწყობას იწვევს, რადგან შეუთავსებელია ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან. 

"მსგავსი კონტროვერსიული და ემოციურად დატვირთული კანონპროექტების წარდგენა წინასაარჩევნო პროცესში სამწუხაროა. ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას LGBTI-ფობიის პოლიტიკურ მანიპულაციად გამოყენებაზე მომავალ არჩევნებში" - წერია ევროპის საბჭოს რეზოლუციის ტექსტში. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოიწვია ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე დაკვირვებას გააგრძელებს, მათ შორის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით. 

კომენტარები