სინგაპურში გამართულ შანგრი-ლას დიალოგის ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ტონგ ძუნმა თქვა, რომ ტაივანელი "სეპარატისტები" და საგარეო ძალები ჩინეთისა და ტაივანის მშვიდობიან გაერთიანებას აფერხებენ. მისი თქმით, ტაივანის მმართველი ძალა, დემოკრატიული პროგრესული პარტია ტაივანის ჩინურ იდენტობას შლის.
"ისინი (რედ. სეპარატისტები) ისტორიაში სირცხვილის სვეტზე იქნებიან გაკრულები. ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია ყოველთვის დაუმარცხებელი და ძლევამოსილი ძალა იყო, რომელიც სამშობლოს გაერთიანებას იცავდა და ტაივანის დამოუკიდებლობის ამოსაძირკვად ყოველთვის მტკიცედ და ძალისმიერად იმოქმედებს, რათა უზრუნველყოს, რომ მისი მცდელობები წარუმატებელი იქნება". - თქვა ტონგმა.
ტონგმა ტაივანის ლიდერების რიტორიკა "ფანატიკურად" მოიხსენია და ტაივანის წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა. მისივე თქმით, "ძალიან დარწმუნებულები" არიან, რომ "ტაივანური დამოუკიდებლობის შეკავება" შეუძლიათ.
"ნებისმიერი, ვინც ჩინეთისგან ტაივანის გამოყოფას გაბედავს, ნაწილებად დაიმსხვრევა და საკუთარ განადგურებას იწვნევს". - თქვა ტონგმა.
ტონგმა ასევე საგარეო ძალები "შიდა საკითხებში" ჩარევაში დაადანაშაულა და აშშ-ს მხრიდან ტაივანის დაფინანსება და სამხედრო მხარდაჭერა გააკრიტიკა.
"ტაივანს ძალიან ბევრ იარაღს ჰყიდიან. ასეთი ქცევა ძალიან არასწორ გზავნილს აწვდის ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს და ძალიან აგრესიულებს ხდის. მგონი, ნათელვყავით, რომ საგარეო ძალის ჭეშმარიტი მიზანია, ტაივანი ჩინეთის შესაბოჭად გამოიყენოს". - თქვა ტონგმა.
ტაივანის მთავრობა ტონგის განცხადებებს გამოეხმაურა და მისი "პროვოკაციული და არარაციონალური" კომენტარები გააკრიტიკა. ტაივანის მატერიკის საკითხების საბჭოს თქმით, ჩინეთი ტაივანს ძალის გამოყენებით საერთაშორისო ღონისძიებებზე არაერთხელ დამუქრებია.
ფორუმის შემდეგ ტონგი აშშ-ს თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინს შეხვდა, რაც 18 თვის განმავლობაში პირველი პირისპირი შეხვედრაა ჩინეთისა და აშშ-ს თავდაცვის ხელმძღვანელობებს შორის.
მანამდე, ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს ორდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რაც ჩინური მხარის თქმით, "ძლიერი სასჯელია" ტაივანის "სეპარატისტული ქმედებებისთვის".
აქამდე სამი დღით ადრე, ტაივანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ლაი ჩინგ-ტეს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელმაც ჩინეთს მოუწოდა, რომ ტაივანის მიმართ მუქარა შეწყვიტოს და გაითავისოს ის ფაქტი, რომ ტაივანში დემოკრატია არსებობს.
13 იანვარს, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის, დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატმა და ქვეყნის მაშინდელმა ვიცეპრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ გაიმარჯვა.
ლაი და მისი პარტია ტაივანის დამოუკიდებელ იდენტობას უჭერენ მხარს და ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს მტკიცედ უარყოფენ, რის გამოც ჩინეთმა ისინი გააკრიტიკა. არჩევნებამდე, ჩინეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ლაი სახიფათო სეპარატისტია, რომელსაც ტაივანის ფორმალური დამოუკიდებლობის გამოცხადება სურს და ამის გამო ომი შეიძლება დაიწყოს, ხოლო ტაივანელ ამომრჩევლებს მოუწოდეს, მისთვის ხმა არ მიეცათ.
ტაივანის ახალარჩეული პრეზიდენტის თქმით, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და სტატუს ქვოს შეინარჩუნებს. ლაი ამბობს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის და "მიზანდასახულია, დაიცვას ტაივანი ჩინეთისაგან უწყვეტი საფრთხისა და დაშინებისგან".
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ტაივანთან გაფორმებული აქვს უსაფრთხოების შეთანხმება, რის საფუძველზეც ვაშინგტონი კუნძულს ჩინეთის მხრიდან პოტენციური შეიარაღებული თავდასხმის შესაჩერებლად საჭირო ტექნიკითა და ტექნოლოგიით ამარაგებს. ბოლო წლებში, პეკინის მხრიდან ტაივანზე სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ზრდასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა ტაიპეის და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერა გააძლიერა.
აშშ-ს მთავრობა კუნძულის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით პოზიციას არ იკავებს, თუმცა მიიჩნევს, რომ უთანხმოება მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. ჯო ბაიდენმა აშშ-ში ვიზიტით მყოფ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს უთხრა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერ ცვლილებას ეწინააღმდეგება.
- სი ძინფინგი ბაიდენს: აშშ-ჩინეთს შორის ყველაზე სახიფათო ტაივანის საკითხია
- NBC: სი ძინფინგმა ჯო ბაიდენს შეხვედრისას უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანს შეიერთებს
ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.