გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, ახლად მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში კრემლი ჩინეთს საჰაერო-სადესანტო ბატალიონის აღჭურვასა და გაწვრთნაში ეხმარება.
ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის მიერ ჰაერის მეშვეობით ჯავშანტექნიკის ჩამოგდების კუთხით გამოცდილების გაზიარება შესაძლოა, პეკინს ტაივანზე თავდასასხმელად შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმაროს.
ამასთან, მხარეებს შორის დადებული შეთანხმებები ჩინეთს საშუალებას მისცემს, წვდომა მოიპოვოს ისეთი სახის წვრთნებსა და ტექნოლოგიაზე, სადაც ჩინეთის შესაძლებლობები ჯერ კიდევ ჩამოუვარდება რუსეთისას - ანალიტიკოსების მიხედვით, რუსეთს უფრო გამოცდილი საჰაერო-სადესანტო სამხედროები ჰყავს.
WP-ს ცნობით, დოკუმენტები, რომელთა ავთენტურობაც დამოუკიდებლად ბრიტანულმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა, Royal United Services Institute-მა (RUSI), გადაამოწმა, როგორც ჩანს, ჩინეთსა და რუსეთს შორის მზარდ ალიანსზე მიანიშნებს.
800-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ჰაქტივისტურმა ჯგუფმა Black Moon-მა მოიპოვა და Washington Post-მა გადაამოწმა, აჩვენებს, რომ 2024 წლის ოქტომბერში რუსეთი ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიისთვის 37 ერთეული BMD-4M ტიპის ამფიბიური ქვეითთა საბრძოლო მანქანის, 11 ერთეული Sprut-SDM1 ტიპის თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ჰაუბიცისა და 11 ერთეული BTR-MDM ტიპის საჰაერო-სადესანტო ჯავშანტრანსპორტიორების მიყიდვაზე დათანხმდა.
ძირითადი კონტრაქტი, რომლის წინასწარი ღირებულებაც $584 მილიონი იყო, ასევე მოიცავდა რამდენიმე სამეთაურო და სადამკვირვებლო ტექნიკას, ისევე როგორც სპეციალური დანიშნულების პარაშუტის სისტემებს, რომლებიც შექმნილია დიდი სიმაღლიდან მძიმე ტვირთის საჰაერო გზით ჩამოგდებისთვის.
დოკუმენტებში ასევე საუბარია ჩინელი საპარაშუტო-სადესანტო ძალების საწვრთნელ პროგრამებზე, რასაც რუსი სპეციალისტები ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ჩინეთში გაუძღვებიან.
რუსეთსა და ჩინეთს შორის დადებულ შეთანხმებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშში RUSI წერს, რომ აღნიშნული საწვრთნელი პროგრამები და ჩინეთისთვის მიყიდული შეიარაღება, ჩინეთის საჰაერო ძალებს "გაფართოებულ საჰაერო მანევრირების შესაძლებლობებს" მისცემს, რაც პეკინს "ტაივანის, ფილიპინებისა და რეგიონში სხვა კუნძულოვანი სახელმწიფოების წინააღმდეგ თავდასხმითი ვარიანტებით" უზრუნველყოფს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს შეთანხმება ჩინეთს საშუალებას მისცემს, რუსული ტექნოლოგია თავის შეიარაღებას მოარგოს. "რუსეთი გზავნის ტექნოლოგიებს, რომელიც ჩინეთს საშუალებას მისცემს, გაზარდოს მსგავსი იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების მასშტაბები ლოკალიზაციისა და მოდერნიზების მეშვეობით," წერენ RUSI-ს ანგარიშის ავტორები.





