ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინური სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო
The Chinese military

ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომლებიც კუნძულის საკვანძო ტერიტორიების დაკავებისა და ბლოკადის სცენარებს მოიცავს.

ჩინეთის არმიის განცხადებით, სწავლებებში სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საზღვაო ფლოტი, სამხედრო-საჰაერო და სარაკეტო ძალები მონაწილეობენ.

წვრთნები კოდური სახელწოდებით სამართლიანობის მისია 2025 ტარდება და პეკინის თქმით, სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ გაფრთხილებას წარმოადგენს.

ტაივანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩინეთის ქმედებები საერთაშორისო ნორმების გამოწვევად შეაფასა.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ შეამჩნიეს ჩინური სამხედრო თვითმფრინავებისა და ხომალდების გადაადგილება კუნძულის ირგვლივ და ვითარების მონიტორინგისთვის საკუთარი ძალები და სარაკეტო სისტემები გაააქტიურეს. უწყების თქმით, შეიარაღებული ძალები ქვეყნისა და მოსახლეობის დასაცავად "მაღალ მზადყოფნაში" არიან.

ცნობისთვის, წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა ტაივანისთვის $11 მილიარდის ღირებულების იარაღის პაკეტის გაყიდვა დაამტკიცა, რაც პეკინის მკვეთრი პროტესტის მიზეზი გახდა. 

პასუხად, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთმა ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის გამო აშშ-ს თავდაცვის კომპანიებსა და მათ გავლენიან ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სანქციები 10 ფიზიკურ პირსა და 20 ამერიკულ თავდაცვის კომპანიას შეეხება.

კომენტარები