პარტიების გირჩისა და დროას საერთო განცხადების მიხედვით, სადარბაზოებთან ფიზიკური ანგარიშსწორება, აქციის მონაწილეების ცემა, კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების დარბევა, მუქარის ზარები კრემლის მეთოდებია და შეუძლებელია ამ გზით პროტესტის ჩახშობა.
პარტიის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებასა და დაშინებას ცდილობს, ამის ნათელი დემონსტრირება კი ენმ-ს ოფისზე თავდასხმა და დარბევის მცდელობაა.
"სასოწარკვეთილი და ისტერიაში მყოფი ქართული ოცნება კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებთან და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორებასა და მათ დაშინებას. ამის ნათელი დემონსტრირებაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმა და დარბევის მცდელობა.
სადარბაზოებთან ფიზიკური ანგარიშსწორება, აქციის მონაწილეების ცემა, კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების დარბევა, მუქარის ზარები - ეს ყველაფერი დაშინების სტრატეგიის ნაწილია, თუმცა ამ ყველაფერს საზოგადოებამ უპასუხა უპრეცედენტო ერთობით და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ კრემლის მეთოდები უძლურია და შეუძლებელია ამ გზით პროტესტის ჩახშობა. ხელისუფლების თითოეული სასოწარკვეთილი ნაბიჯი კიდევ უფრო გვაახლოებს რუსული რეჟიმის დასრულებასთან.
სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას თუ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რუსული რეჟიმის რეპრესიის სამიზნეა.
ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვიმუშავებთ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებაზე, მათი და დამკვეთების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ყველა საერთაშორისო პარტნიორს" - წერია პარტიების განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
1 ივნისს, დაახლოებით 02:30-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს შუბებით, ჯოხებით, ქვებით და სხვა საგნებით 100-მდე ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა. ამის შესახებ ენმ-მ განცხადებას გაავრცელა.
განცხადების თანახმად, თავდასხმა ნახევარ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და მასში 100-მდე ტიტუშკა მონაწილეობდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოფისის ფასადი, შუშები და პარტიის ინვენტარი.
სამთავრობო მედია იმედი პირველი ივნისის ღამეს ენმ-ს ოფისზე თავდამსხმელი ტიტუშკების მიერ გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებს. ტელეკომპანიის თქმით, მათ თავდასხმის დეტალებზე ინფორმაცია და ვიდეოები "ექსკლუზიურად მოიპოვეს". ტიტუშკების მიერ გადაღებული ვიდეოები ქრონიკის 11-საათიან გამოშვებაში აჩვენეს.
31 მაისს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა, რომ დაქირავებულ ნიღბიან პირებს პარტიებისა და ორგანიზაციების ოფისებთან თავად, შურისძიების მიზნით გზავნის.





