რუსული კანონი

ტიტუშკები ენმ-ს ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს, ასამდე თავდამსხმელი მონაწილეობდა – ენმ

ენმ-ს დარბეული ოფისი

დღეს, 1 ივნისს, დაახლოებით 02:30-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს შუბებით, ჯოხებით, ქვებით და სხვა საგნებით 100-მდე ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა. ამის შესახებ ენმ განცხადებას ავრცელებს

განცხადების თანახმად, თავდასხმა ნახევარ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და მასში 100-მდე ტიტუშკა მონაწილეობდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოფისის ფასადი, შუშები და პარტიის ინვენტარი.

"ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების პასუხი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის.

ივანიშვილის რეჟიმის პანიკური ქმედებები და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობა, სულ მალე, ქართველი ხალხის ურყევი ნებით, აუცილებლად დასრულდება!" - წერია ენმ-ს განხცადებაში.

ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ტიტუშკებმა ოფისის ფანჯრები დალეწეს. 

"პოლიციასთან და სუსთან ერთად ჩაატარეს დარბევის ოპერაცია". - წერდა ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ დროს ოფისში სხვებთან ერთად, არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ.

თავმჯდომარის თქმით, ნიღბიანი ადამიანები მათი პარტიის კამერებმა აღბეჭდა.

ხაბეიშვილმა თქვა, რომ ტიტუშკები ოფისში შეჭრას ცდილობდნენ, მაგრამ ოფისში მყოფი პირების მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ გაიქცნენ. მისივე თქმით, შენიღბული პირები ოფისს საგნებს ესროდნენ და სროლის ხმებიც ისმოდა.

თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ჩამტვრეული ფანჯრების გარდა არის ფანჯრებიც, რომლებიც კონკრეტულ წერტილებში არის გახვრეტილი.

ერთ-ერთი მოქალაქის გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს, რომ ტიტუშკები გარკვეული მანძილიდან ოფისს გაურკვეველ საგნებს ესვრიან. ისმის ასევე გასროლის ხმებიც. 

გარდა ამისა, ვიდეოში ერთ-ერთი ტიტუშკა წარწერებსაც აკეთებს.

ამის შესახებ ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრიც, ალექსანდრე კრევო-ასათიანიც წერს

"ტიტუშკები შევარდნენ ენმ-ს ცენტრალურ ოფისში. რამდენიმე ფანჯერა გატეხეს. პოლიცია დიდი ხნით დააგვიანა (ცენტრალური პოლიციის შენობა 2 წუთის გზაზეა)

გილოცავთ პოლიციის დღეს". - წერს კრევო-ასათიანი.

დღეს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა, რომ დაქირავებულ ნიღბიან პირებს პარტიებისა და ორგანიზაციების ოფისებთან თავად, შურისძიების მიზნით გზავნის.

კომენტარები