რუსული რეჟიმი

სამთავრობო მედია IMEDI ენმ-ს ოფისზე თავდამსხმელი ტიტუშკების გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებს

კადრები TV იმედის მიერ გავრცელებული ვიდეოდან, რომელიც ტიტუშკების მიერაა გადაღებული

სამთავრობო მედია იმედი პირველი ივნისის ღამეს ენმ-ს ოფისზე თავდამსხმელი ტიტუშკების მიერ გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებს. ტელეკომპანიის თქმით, მათ თავდასხმის დეტალებზე ინფორმაცია და ვიდეოები "ექსკლუზიურად მოიპოვეს". ტიტუშკების მიერ გადაღებული ვიდეოები ქრონიკის 11-საათიან გამოშვებაში აჩვენეს.

როგორც იმედი ამტკიცებს, ენმ-ს ოფისთან "დაპირისპირება" "ახალგაზრდებსა" და დაცვის თანამშრომლებს შორის დაიწყო. მათივე მტკიცებით, ოფისის დაცვამ ბიტებით "სასტიკად სცემა" 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც შენობაზე წარწერებს აკეთებდა და რომელმაც დაცვის თანამშრომელს საღებავის ქილა ესროლა. იმედის მტკიცებითვე, ენმ-ს დაცვის თანამშრომლებმა იარაღიდანაც გაისროლეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩალეწეს "ახალგაზრდებმა" შენობის მინები.

1 ივნისს, დაახლოებით 02:30-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს შუბებით, ჯოხებით, ქვებით და სხვა საგნებით 100-მდე ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა. ამის შესახებ ენმ-მ განცხადებას გაავრცელა

განცხადების თანახმად, თავდასხმა ნახევარ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და მასში 100-მდე ტიტუშკა მონაწილეობდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოფისის ფასადი, შუშები და პარტიის ინვენტარი.

ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ტიტუშკებმა ოფისის ფანჯრები დალეწეს. 

"პოლიციასთან და სუსთან ერთად ჩაატარეს დარბევის ოპერაცია". - წერდა ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ დროს ოფისში სხვებთან ერთად, არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ.

თავმჯდომარის თქმით, ნიღბიანი ადამიანები მათი პარტიის კამერებმა აღბეჭდა.

ხაბეიშვილმა თქვა, რომ ტიტუშკები ოფისში შეჭრას ცდილობდნენ, მაგრამ ოფისში მყოფი პირების მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ გაიქცნენ. მისივე თქმით, შენიღბული პირები ოფისს საგნებს ესროდნენ და სროლის ხმებიც ისმოდა.

თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ჩამტვრეული ფანჯრების გარდა არის ფანჯრებიც, რომლებიც კონკრეტულ წერტილებში არის გახვრეტილი.

ერთ-ერთი მოქალაქის გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს, რომ ტიტუშკები გარკვეული მანძილიდან ოფისს გაურკვეველ საგნებს ესვრიან. ისმის ასევე გასროლის ხმებიც. 

გარდა ამისა, ვიდეოში ერთ-ერთი ტიტუშკა წარწერებსაც აკეთებს.

ამის შესახებ ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრიც, ალექსანდრე კრევო-ასათიანიც წერს

"ტიტუშკები შევარდნენ ენმ-ს ცენტრალურ ოფისში. რამდენიმე ფანჯერა გატეხეს. პოლიცია დიდი ხნით დააგვიანა (ცენტრალური პოლიციის შენობა 2 წუთის გზაზეა)

გილოცავთ პოლიციის დღეს". - წერს კრევო-ასათიანი.

31 მაისს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა, რომ დაქირავებულ ნიღბიან პირებს პარტიებისა და ორგანიზაციების ოფისებთან თავად, შურისძიების მიზნით გზავნის.

კომენტარები