სპეციალური საგამოძიებო სამსახური

დავაკავეთ სამართალდამცავი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 გასროლით სიძე დაჭრა – სსს

shutterstock

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათმა თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე,   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 მაისს, ქალაქ დუშეთში, ბრალდებული სამართალდამცავი დასთან სტუმრად მივიდა, სადაც კონფლიქტი მოუვიდა დის მეუღლე-გ.ბ.-სთან. დაპირისპირება გაგრძელდა ეზოში, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც გ.ბ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება წარმართა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სამართალდამცავი იქნა დაკავებული". - წერია სსს-ს განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები