აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელმა ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთავაზება წარუდგინა, რომელიც კატარმა ტერორისტულ დაჯგუფებას უკვე გადასცა.
"ისრაელმა ამომწურავი ახალი შეთავაზება წარადგინა. ეს არის გეგმა, რომელიც ცეცხლის მდგრად შეწყვეტასა და ყველა მძევლის გათავისუფლებას უზრუნველყოფს. ეს შეთავაზება კატარმა ჰამასს გადასცა". - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, აღნიშნული შეთანხმება "აბრუნებს ყველა მძევალს სახლში, უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას, ჰამასის გარეშე ღაზაში ომის შემდეგ უკეთეს ვითარებას ქმნის და საფუძველს უყრის პოლიტიკურ განლაგებას, რომელიც როგორც ისრაელელებისთვის, ისე პალესტინელებისთვისაც უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს".
აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება სამ ფაზად იყოფა.
"ამ ახალ შეთავაზებას სამი ფაზა აქვს: პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს ცეცხლის სრულად შეწყვეტას, ღაზის დასახლებული ტერიტორიებიდან ისრაელის ძალების გაყვანას, ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას რიგ მძევალთა, მათ შორის ქალების, მოხუცებულებისა და დაშავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ". - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, პირველი ფაზის განმავლობაში ისრაელი და ჰამასი "საჭირო საკითხებზე მოილაპარაკებენ, რათა მეორე ფაზაზე გადავიდნენ, რაც დაპირისპირების საბოლოოდ დასრულებას გულისხმობს".
ბაიდენი ამბობს, რომ მეორე ფაზაში პალესტინელი მოსახლეები ღაზაში თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან და მათ ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებათ.
პრეზიდენტმა დაამატა, რომ აშშ, ეგვიპტე და კატარი იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.
"საბოლოოდ, მესამე ფაზაში, ღაზას აღდგენის მსხვილმასშტაბიანი გეგმა ამოქმედდება და მოკლული მძევლების ცხედრები ოჯახებს დაუბრუნდება". - თქვა ბაიდენმა





