უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, NATO ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს. ამის შესახებ ორბანმა უნგრეთის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში ისაუბრა.
ორბანის თქმით, მოლაპარაკებები, რომლებიც დასავლური იარაღით უკრაინელი სამხედროებისთვის რუსულ ობიექტებზე თავდასხმის ნებართვას ეხება, "შემაშფოთებელია" და NATO-ს ომთან აახლოებს.
მისი შეფასებით, ალიანსის გეგმები უკრაინაში მიმდინარე ომში მეტ ჩართვასთან დაკავშირებით, ჰგავს მეხანძრეს, რომელიც ხანძრის ჩაქრობას ცეცხლსატყორცნით ცდილობს.
"NATO ჩვენი დაცვის ნაცვლად, ჩვენ, წევრ ქვეყანას, მსოფლიო ომში გვითრევს. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც მეხანძრე, რომელიც ხანძრის ჩაქრობას ცეცხლსატყორცნით ცდილობს". - თქვა ორბანმა.
ამასთან, თვის დასაწყისში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნაა, მონაწილეობას არ მიიღებს NATO-ს გრძელვადიან გეგმაში უკრაინის დასახმარებლად.





