ჩინეთი

ჩინეთი სოციალურ მედიაში სიმდიდრის აფიშირებას კრძალავს

https://www.reuters.com/

ჩინეთში სოციალურ ქსელებში იბლოკება ყველა იმ მდიდარი ინფლუენსერის პირადი გვერდი, ვინც საჯაროდ საუბრობს თავის მდიდრულ ცხოვრების წესზე.

ჩინეთის ინტერნეტის ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ, კიბერსივრცის ადმინისტრაციამ,  აპრილში "გავლენიანი" ადამიანების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. ამ ადამიანებში იგულისხმებიან ისეთი ინფლუენსერები, რომელთა კონტენტი მთლიანად აწყობილია მდიდრული ცხოვრების წესის წარმოჩენაზე, რათა მიიზიდონ მეტი გამომწერი. 

ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ონლაინ ინფლუენსერია ვანგ ხონგცუანი. როგორც ცნობილია, ის შვიდამდე უძრავი ქონების ობიექტს ფლობს პეკინში. თავის ონლაინ პლატფორმაზე ვანგს ასევე არაერთხელ უთქვამს, რომ სახლს არასდროს ტოვებს 10 მილიონ იუანზე (რაც 1.38 მილიონი აშშ დოლარია) ნაკლები ღირებულების სამოსით. ვანგის გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს ძვირადღირებული სპორტული მანქანები, ჰერმესის ჩანთები, მოსამსახურეები და ფუფუნების მრავალი სხვა საგანი. სამშაბათს Douyin პლატფორმაზე (TikTok-ის ჩინური ვერსია) მისი ანგარიში დაიბლოკა. სერვისის შეტყობინების თანახმად ანგარიში დაიბლოკა "Douyin პლატფორმის საზოგადოებრივი პრინციპების დარღვევის გამო".

არსებობს სხვა მსგავსი შემთხვევებიც, მაგალითად პო კონგწისა (ახალგაზრდა მდიდარი ლორდი პაი) და პაოიუ ძიაძიეს (Abalone sister) ანგარიშებიც დაბლოკილი ან გაუქმებულია. ორივე ინფლუენსერს ჯამში 5.2 მილიონამდე გამომწერი ჰყავდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩინეთის ხელისუფლება ინტერნეტ სივრცის გაკონტროლებას ცდილობს. ჩინეთის მედია პლატფორმები მკაცრ ცენზურას ექვემდებარებიან, ძირითადად არასასურველი სოციალური ტენდენციების თავიდან არიდების მიზნით. 2022 წელს მედია წამყვანებისთვის გამოიცა სპეციალური "ქცევის კოდექსი", რომლითავ იკრძალებოდა ფუფუნების საგნების საჯაროდ გამოფენა.

ბოლო პერიოდში ჩინეთი ეკონომიკურ დაღმასვლას განიცდის, რომელიც განსაკუთრებით საშუალო ფენაზე აისახა. ჩინელი ახალგაზრდებისთვის კონკურენტუნარიან ბაზარზე სამუშაო ადგილების პოვნა კიდევ უფრო რთული ხდება. ამ ყველაფრის ფონზე ზოგიერთი მათგანისთვის სოციალური მედია შემოსავლის მიმზიდველ ალტერნატივად ისახება.

კომენტარები